logo
ENG



დავით ზალკალიანი კიბერთავდასხმაზე: ეს იყო გამიზნული შეტევა ლუგარის პარალიზებისთვის

04 სექ 202011:26
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრი ლუგარის ლაბორატორიაზე მომხდარ კიბერთავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა მისი პარალიზებისთვის. ის ამ ქმედებას "დეზინფორმაციულ და უკანონო კამპანიის ნაწილად" აფასებს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 4 სექტემბერს პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე იყო შეტევა. ეს იყო გამიზნული, რათა მოეხდინათ მისი პარალიზება. საქართველოს ხელისუფლების წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ლუგარის ლაბორატორიაა.

ეს დეზინფორმაციული კამპანია გრძელდება და რაც შემაშფოთებელია, ესაა ის კიბერთავდასხმა, რაც განხორციელდა რამდენიმე დღის წინ. ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მჭიდრო კოორდინაციაში პარტნიორებთან. არ მოგვერიდება სახელების დარქმევა, თუ საიდან განხორციელდა და ვინ განახორციელა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო.​ უწყების ცნობით, მოპოვებული მასალა, როგორც ავთენტიკური, ისე  ფალსიფიცირებული, ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა.


close დახურვა