logo
ENG



სასამართლომ ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

07 სექ 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
2swv2lt3uluiwqj.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო მარიანა ჩოლოიანს გაამტყუნებდა.

ლუკა სირაძის ძმის, ბექა სირაძის თქმით კი, გარდაცვლილის ოჯახი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხზე კონსულტაციების ადვოკატთან გაივლის.

გარდაცვლილის ოჯახი იმ პოლიციელების დასჯასაც ითხოვს, რომლებიც ჩოლოიანთან ერთად მონაწილეობდნენ ლუკა სირაძის დაკითხვაში.

ჩოლოიანის ადვოკატის თქმით, ლუკა სირაძე გამოკითხვის დროს ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ამასთან, მისი განცხადებით, ჩოლოიანის წინააღმდეგ მხოლოდ გარდაცვლილის დედის ჩვენებაა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. დანაშაული მაქსიმუმ 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

15 წლის ლუკა სირაძე ერთ-ერთი კორპუსის მე-9 სართულიდან 2019 წლის 11 დეკემბერს გადახტა. ის რამდენიმე დღე კომაში იყო, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა. ოჯახის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ლუკა სირაძეზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა - მას 2 დღის განმავლობაში კითხავდნენ და მუქარით სთხოვდნენ დანაშაულის აღიარებას მას შემდეგ, რაც "მწვანე სკოლის" კედლებზე წარწერები გააკეთა.

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, როგორც საია-მ და თავად ლუკა სირაძის დედამ თქვა, მოზარდი დაახლოებით 20 წუთით გამომძიებლებთან ოთახში მარტო დარჩა.

საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო. 17 დეკემბერს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

2020 წლის 15 ივლისს, ფორმულას ეთერში ლუკა სირაძის დედამ, ელიკო ჩხიტუნიძემ თქვა, რომ დაკითხვის დროს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბავშვს "კისრის მოგრეხვით" ემუქრებოდა. ასევე, მისი თქმით, განყოფილებაში მყოფი სხვა პირებისგან გინება ისმოდა.

ელიკო ჩხიტუნიძის და საიას მტკიცებით, მოზარდზე ზეწოლას, ჩოლოიანის გარდა, კიდევ 3 პოლიციელი ახდენდა.

7 თებერვალს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გენერალურ ინსპექციას მიმართა საქმეში სხვა პოლიციელების გადაცდომებზე რეაგირების მოთხოვნით.

მარიანა ჩოლოიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდება 2011 წელსაც არსებობდა. მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა.

კერძოდ, საქმე 2011 წლის 26 მაისს ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის დროს ნიკოლოზ გოგუაძის საქმეს ეხება. მარიანა ჩოლოიანმა დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძის მიმართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად იძალადა.

 


close დახურვა