დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ინფიცირების მიუხედავად, პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას.
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება.
სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად", - წერია განცხადებაში.
ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს, ტვ პირველის ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას ახალი კორონავირუსი დღეს, 9 სექტემბერს დაუდასტურდათ. ინგა გრიგოლიას განცხადებით, ტელევიზია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.