logo
ENG



ბოკერია თურნავას: რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ გადასახადების რეალური დაწევა განიხილოთ?!

18 სექ 202013:31
3 წუთის საკითხავი
 
ბოკერია თურნავას: რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ გადასახადების რეალური დაწევა განიხილოთ?!

"მაინტერესებს, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ თქვენ, ივანიშვილის მთავრობამ, გადასახადების რეალური, არსებითი დაწევა განიხილოთ?!", - ამ კითხვით მიმართა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, 2016-2019 წლების მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა 45 ათასით არის შემცირებული, ხოლო 2020 წელს - 33 ათასით. მისივე თქმით, მეორე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 12%-ით შემცირდა, რაც დაახლოებით 6 მილიარდი ლარის დაკარგვას ნიშნავს.

"რამდენად უნდა დამძიმდეს ვითარება?! თქვენი მთავრობის მონაცემებით, 2016-დან 2019 წლამდე 45 ათასით შემცირდა ოფიციალურ დასაქმებულთა რიცხვი, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალში, 33 ათასით ნაკლები ადამიანია დღეს დასახლებული. ეკონომიკის შემცირებამ მეორე კვარტალში შეადგინა -12%, რაც არის დაახლოებით 6 მილიარდი ლარი დაკარგული მთელი ეკონომიკისთვის. მე მინდა მითხრათ ზღვარი, რის შემდეგაც განიხილავთ სერიოზულად ტვირთის შემცირებას მოქალაქეებისთვის და მეწარმეებისთვის", - მიმართა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრს.

დეპუტატმა მინისტრი და პრემიერი გიორგი გახარია სიცრუეში დაადანაშაულა. ბოკერიას თქმით, ხელისუფლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო საგადასახადო ტვირთით მესამე ადგილზეა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ისევ უტიფარი ტყუილი - თქვენ პასუხში გიწერიათ, რომ თურმე მესამე ადგილზეა საგადასახადო ტვირთით საქართველო. რაზე გაქვთ გათვლა, რომ უბრალოდ ამ სიცრუეს არავინ არ შეამოწმებს? აქ იყო პრემიერმინისტრი, თქვენი გუნდის ლიდერის ასისტენტი და მანაც გაიმეორა ეს სიცრუე. ჩვენ მას მივუთითეთ, რომ ცრუობს და მივუთითეთ მხოლოდ იმ გადასახადზე, რომელიც ეხება პირდაპირ ბიზნესს. გადასახადების საერთო ტვირთით, საქართველო არის 119-ე თუ 118-ე ადგილზე. რა აზრი აქვს ამ სიცრუეს?! რითი უმსუბუქებს ჩვენს მოქალაქეებს მდგომარეობას?!", - მიმართა ბოკერიამ ნათია თურნავას.

ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაიბარეს.


close დახურვა