პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველოში მოქალაქეთა დიდი ნაწილი არასრულფასოვნად იკვებება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში შიმშილით იღუპებიან.
პარლამენტში სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხუნდაძემ "სრული პასუხისმგებლობით" თქვა, რომ "არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება".
"ტყუილი არის ის, რომ ქვეყანაში შიმშილით იღუპებიან ბავშვები და 60-70% არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. რა თქმა უნდა სოციალური ფონი არის ის, რაც არის, ეს გაჭირვება არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, სიღარიბე არის შემცირებული. რა თქმა უნდა სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მაგრამ სიღარიბის და შიმშილის გამო, დღეს ქვეყანაში არც ერთი, მით უმეტეს ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან ჩვენ გვაქვს საქმე, ისევე როგორც მსოფლიოს. 55% მოქალაქეებისა არასრულფასოვანი კვებით იკვებება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შიმშილით იღუპებიან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი ბავშვი შიმშილით არ იღუპება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა არა შემცირებული, არამედ გაზრდილია.
"ტყუილია მაგალითად ის, რომ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა. კი, მათი პოლიტიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა და ითვლის სულ 1 თვესა და რამოდენიმე დღეს, მაგრამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა არის გაზრდილი, არათუ 15 წლით შემცირებული. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი თუნდაც ტყუილის ასპექტში, ამას არავითარი საფუძველი არ გააჩნია", - განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
