საზოგადოება ხელისუფლების ცვლილებას ითხოვს - ეს არის მთავარი დასკვნა, რაც ახლახან გამოქვეყნებული Edison Research-სა და სხვა კვლევებიდან შეიძლება გამოვიტანოთ. თუმცა იგივე კვლევები აჩვენებს, რომ დღევანდელი მდგომარეობით არც ქართულ ოცნებას და არც ოპოზიციურ ერთობას აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად. გამოკითხულთა თითქმის მეოთხედს ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავს ვის მისცემს ხმას, რაც აშკარას ხდის, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 5 კვირაში, ვინც გადაუწვეტელი ამომრჩევლის უმეტესობის გულს და გონებას მოიგებს, ქვეყნის სამართავ საჭეს, შემდეგი 4 წლით, სწორედ ის ჩაიბარებს.
სანამ საარჩევნო ყუთთან საბოლოო არჩევანს გავაკეთებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არჩევნები ყველა სხვა მათგანისგან გასხვავებული იქნება, რადგან 1%-იანი ბარიერის პირობებში, მცირე ზომის პარტიებს პარლამენტისკენ გზა ეხსნებათ. და თუ აქამდე, გადასალახი ბარიერის გამო მათთვის მიცემული ხმა დაკარგულად მიიჩნეოდა, დღეს ვითარება განსხვავებულია. აუცილებელი არ არის, რომ ოცნება - ცალკე აღებულმა ერთმა პარტიამ, ან ივანიშვილი - ერთმა კონკრეტულმა ლიდერმა, მაგალითად სააკაშვილმა დაამარცხოს. ახალი საარჩევნო სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ამომრჩეველმა ხმა უბრალოდ მისთვის ყველაზე სასურველ ლიდერსა თუ პოლიტიკურ პარტიას მისცეს, მიუხედავად მათი სიდიდისა თუ შანსებისა და ნაკლებად იფიქროს იმაზე, თუ რომელი პარტია დაამარცხებს ქართულ ოცნებას.
სააკაშვილი ჯერჯერობით ისედაც ვერ ჩამოდის საქართველოში, რაც რევოლუციურ ცვლილებებს თითქმის გამორიცხავს. პანდემიისა თუ სხვა მიზეზების გამო საარჩევნო კამპანია ასევე ჯერჯერობით ნაკლებად დინამიურია. ბოლო 9 წლის განმავლობაში, შესაძლოა, პირველად შეიქმნას ვითარება, როდესაც შუის გაკრეფვა შეუძლებელი გახდეს. ეს კი კარგ შესაძლებლობას აჩენს ისეთი ალტერნატიული პოლიტიკური ძალებისთვის, როგორიცაა ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და სხვა ახალი და შედარებით მცირე ზომის პარტიები, მიიმხრონ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და გახდნენ ხელისუფლების ცვლილებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი. პარლამენტში შესვლის შემდეგ, ოპოზიციონერები პოლიტიკური სასწორის ერთ პინაზე, ოცნება კი თავის შესაძლო სატელიტებით მეორეზე აღმოჩნდება. წონის საზომი ერთეული პარლამენტის წევრების რაოდენობა იქნება.
კოალიციური მთავრობა და ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტი იდეალური საშუალება იქნება იმისთვის, რომ ოპოზიციურ ერთობაში დღეს, ელექტორალურად ყველაზე ძლიერი - სააკაშვილი და ნაცმოძრაობა ახალ ხელისუფლებაში კარგად დაბალანსდეს; ქართული ოცნება ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში სრულფასოვან პარტიად ჩამოყალიბდეს; მცირე ზომის პარტიები კი საკმარისად მოძლიერდნენ და თავი დაიმკვიდრონ პოლიტიკურ მოედანზე იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებში წლევანდელისგან განსხვავებული, 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლონ. ეს არის ქართული დემოკრატიის გულშემატკივრებისთვის სასურველი, მოსალოდნელი და საკმაოდ რეალური შედეგი, რაც ოქტომბრის მიღმა შეგვიძლია დავინახოთ. ამით პერსპექტივაშიც კი გამოირიცხება ძალაუფლების ერთპიროვნული თუ ერთპარტიული კონცენტრაცია, რაც იყო და დღემდე რჩება საქართველოს მთავარი პრობლემების ძირითად გამომწვევი მიზეზად.