logo
ENG



გია ბარამიძე აცხადებს, რომ ენმ ზურაბ ჯაფარიძეს დიდუბეში კანდიდატს არ დაუყენებს

25 სექ 202022:00
3 წუთის საკითხავი
clock 2354

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გია ბარამიძე აცხადებს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ნაციონალური მოძრაობა ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებს.

ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში საუბრისას ბარამიძე განმარტავს, რომ მის კოლეგა სალომე სამადაშვილს ოპოზიციის კანდიდატ ჯაფარიძისთვის კონკურენტის დაყენება არ უგულისხმია, არამედ მხოლოდ "უსაყვედურა" მას.

"აბსოლუტურად უსაფუძვლოა [ეჭვი, რომ ენმ დააყენებს დიდუბეში კანდიდატს], რადგან არცერთს არ უთქვამს, რომ შეიძლება განვიხილოთ ეს. არც სალომეს უთქვამს, რომელმაც უსაყვედურა ზურას [ჯაფარიძეს] პირდაპირ ეთერში", აცხადებს ბარამიძე და აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიციის კანდიდატს გამარჯვება უნდა, ენმ-ის ლიდერსა და მის ამომრჩეველს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენოს. 

ბარამიძემ, ასევე განმარატა სააკაშვილის ნათქვამი "პოლიტიკანებზე და პარტიუკებზე", რომ მათ ლიდერს არ უგულისხმია ამაში არც გირჩი და არც სხვა ოპოზიციური პარტია "ლეიბორისტების მაგიდიდან".

"ჩვენ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ ამ ოლქში, ოპოზიციამ გაიმარჯვოს და დაამარცხოს წარსულის მენტალიტეტი გიორგი ვოლსკი. [...] არ გვინდა, ამ ოპოზიციონერმა ისე გაიხადოს თავი, რომ ოპოზიციური სპექტრის ძირითადმა ნაწილმა, რაც არის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, არ მისცეს მას ხმა, რაც გამოიწვევს, რომ იგი დამარცხდება.

ზურაბ ჯაფარიძეს ვურჩევთ, ზედმეტ ეჭვიანობას თავი დაანებოს. მე მოვისმინე, იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩვენ გვიწოდა პოლიტიკანები, პარტიუკები და ა.შ. ვინმე დაასახელა მიხეილ სააკაშვილმა სახელი და გვარით? თქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძეა პოლიტიკანი და პარტიუკაა გირჩი? რატომ იღებენ თავის თავზე?

აბსოლუტურად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ მიემართებოდა ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის წევრებს", - ამბობს ბარამიძე.

გუშინ, 25 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ პარტია იმსჯელებდა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში თავისი კანდიდატის დაყენებაზე.

მისივე თქმით, ჯაფარიძე "თავისივე ფეხში იკეთებს გასროლას".

სამადაშვილის აზრით, ჯაფარიძემ შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის აზრი საინტერესო არაა და მას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. 

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სალომე სამადაშვილის პასუხად თქვა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ენმ-ის მხარდამჭერების ხმები და ამიტომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ჯაფარიძის თქმითვე, შეურაცხყოფა მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო, როდესაც მან ოპოზიციური პარტიები "პარტიუკებად" მოიხსენია.

მოგვიანებით სალომე სამადაშვუილმა რუსთავი 2-თან ისიც თქვა, რომ "ზურა ჯაფარიძეზე მეტ ხმას, "პოლის" ჯოხიც აიღებს".

დიდუბის ოლქში ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატი სწორედ გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა.


close დახურვა