საკონსტიტუციო სასამართლომ გირჩის სარჩელი ქალთა კვოტირებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სადავო ნორმის მიზანს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალებისა და მამაკაცების არსებული ბალანსის გაუმჯობესება წარმოადგენდა. ამასთან, დაკმაყოფილდა სარჩელის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჩანაწერი, რომელიც საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში მინიმუმ ერთი კაცის არსებობას გულისხმობს.
"კონსტიტუციური სარჩელი №1526 დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელი №1526 არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსიტიტუციურობას, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით", - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს გირჩმა სარჩელით 10 ივლისს მიმართა. პარტია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიები ვალდებული არიან, სიაში ყოველი მე-4 ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, მათთვის უფლებების შეზღუდვაა.