მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი აცხადებს, რომ მას ათამდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც მთავარ არხს მუჰამედალიმ განუცხადა, ის ქართული შტაბთან დაახლოებით ათობით ადამიანმა სცემა.
"დღის მეორე ნახევარში შევამჩნიე, ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩემს მიმართ ძალიან აგრესიულები იყვნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ. თუმცა, ასეთ ამბავს არ ველოდი. ადგილზე პირველი არხი იყო და ყურადღება არ მომაქციეს. ნახევარი საათი იქ ვეგდე და არავინ მოსულა. როდესაც ჩართვიდან გადავედი, ვიფიქრე ამირან გიორგაძეს კითხვას დავუსვამდი თუ რამდენად მართალია ნაციონალების ბრალდება, რომ ის ნაციონალების დაესხა თავს. მივედი შტაბთან კითხვის დასასმელად, კიბეზე ავდიოდი და ერთი მახსოვს, რომ ჩემკენ ბრბო წამოიწია და ყვირილი დამიწყეს, ოპერატორს დაარტყეს. ვუთხარი ნუ ურტყავთ-თქო, ეგ მახსოვს და ძირს დავეცი. მერე წამოვედი და პოლიციასთან დავეცი", - განაცხადა მუჰამედალიმ.
მთავარი არხის ინფორმაციით, მარნეულში მათ 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ. მათი ცნობით, ფიზიკურად გაუსწორდნენ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი.
"დაზიანებულია აპარატურა, მათ წაართვეს მიკროფონები", - აცხადებენ ტელევიზიაში.