
აზერბაიჯანის ცნობით, ქალაქ განჯაში სომხეთის თავდასხმის შედეგად 1 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა, 32 მოქალაქე კი დაშავდა, ასევე განადგურებულია რამდენიმე კულტურულ-ისტორიული ნაგებობა.
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის ცნობით დღეს, 4 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე სომხეთის გაერთიანებულმა არმიამ მტრის სამი საფრენი აპარატი და 2 საბრძოლო ტანკი გაანადგურა.
მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ამბობს, რომ ბოლო 24 საათში ბრძოლაში 51 ჯარისკაცი დაიღუპა.
პარალელურად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს და ვიდეომასალებს, რომ მათი ჯარი ყაბარაღის ტერიტორიებს იკავებს.
საფრანგეთის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა აზერბაიჯანს და სომხეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ეს ქვეყნები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან. ჯგუფი 1992 წლიდან არსებობს და სწორედ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. მას შემდეგ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ვითარება 2020 წლის ივლისშიც გამწვავდა. სამხედრო კონფლიქტი მაშინ არა ყარაბაღში, არამედ ტავუშისა და ტოვუზის რეგიონებს შორის მდებარე საზღვართან მოხდა.