გიორგი თარგამაძის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ ის ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც უწყებამ პროკურატურას მიაწოდა და რის საფუძველზეც დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები დააკავეს, რუსეთიდან მოიპოვა.
კერძოდ, წყაროს ინფორმაციით, თავდაცვის უწყებას რუკები ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიაწოდა, რომელმაც ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა.
ინფორმაცია ფორმულას ინფორმირებულმა წყარომ კონფიდენციალურად მიაწოდა.
ხიდაშელი წლების განმავლობაში უმსხვილეს რუსულ კორპორაცია “სისტემას” მართავდა. ხიდაშელი იყო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი ინოვაციების დარგში, ხოლო მუბარაშკინი იმავე თანამდებობას იურიდიული განხრით იკავებდა.
ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და წამყვან თანამდებობებსაც მათი ხელდასხმული პირები იკავებენ.
მუბარაშკინი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა რუსეთის საგარეო დაზვერვის ადგილობრივი რეზიდენტურების კოორდინაციის კუთხით, მათ შორის ბელგიაში. ხიდაშელი, წლების განმავლობაში მასთან აქტიურ კონტაქტზე მყოფი პირია.
"სწორედ უცხოელ ბიზნესმენად მოხსენიებული დავით ხიდაშელია ის პიროვნება, რომლის “მოქალაქეობრივი აქტიურობაც” ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამოძიების დაწყების საფუძვლად იქცა. ზემოთ ნახსენები კავშირები სერიოზულ ეჭვებს აღძრავს თავდაცვის სამინისტროს პირველი პირის რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ". - თქვა გიორგი თარგამაძემ გადაცემაში.
დავით ხიდაშელმა 2 ოქტომბერს საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა, რომ რუკების დედნები, რომლის საფუძველზეც დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს მან გადასცა.
პროკურატურამ დღეს, 7 ოქტომბერს, დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი, ნატალია ილიჩოვა სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით დააკავეს და ბრალი წარუდგინეს.
უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". პროკურატურის მტკიცებით, მელაშვილი და ილიჩოვა საზღვრის დადგენის პროცესში არ იყენებდნენ სათანადო რუკებს.
დაკავებულები ბრალდებას უარყოფენ და მათ მიმართ გამოძიებას პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.
პოლიტიკურ და რუსულ ინტერესებზე ლაპარაკობს ოპოზიციაც.
აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე გამოძიების დაწყებას პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსი 2019 წლის ივნისში ითხოვდა.
მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა (2020 წლის 29 სექტემბერს), კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და კომისიის მუშაობას "მოღალატეობრივი" უწოდა.
რა ვიცით დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების საქმეზე, წაიკითხეთ აქ.