თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელ, ივერი მელაშვილისა და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
სასამართლო სხდომა, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობნდნენ, პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოს ეზოში შეკრებილები იყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, დაკავებული სპეციალისტები ივანიშვილის მორიგი ტყვეები არიან.
ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარეს სასამართლო სხდომისთვის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ მისცეს.
დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
გამოძიება 17 აგვისტოს დაიწყო, ის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის ზომად ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.