logo
ENG



მდინარაძე: ოპოზიციის ნაწილი ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს

12 ოქტ 202016:06
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: ოპოზიციის ნაწილი ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს

ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ოპოზიცია ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს. 

მდინარაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის პოლიტიკური პარტიებისადმი მოწოდება, რომ დაიცვან რეკომენდაციები, არის დროული და "მათი რეაქციაც ამიტომაა დღეს ეს ბრიფინგი".

"ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით აუცილებელია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები გავიზიაროთ ბოლომდე და პოლიტიკურმა პარტიებმა, სუბიექტებმა ჩვენდა უნებურად, ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ.

ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი არის აბსოლუტურად განსხვავებული ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულვებელყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას", - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, "მართალია, კანონი პოლიტიკურ საქმიანობას არ ზღუდავს, მაგრამ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები".

გამყრელიძემ დღეს, 12 ოქტომბერს პოლიტიკოსებს მოუწოდა, წინასაარჩევნოდ შეკრებები ღია სივრცეში ჩაატარონ და პირბადე გამოიყენონ.


close დახურვა