საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ ახლა ანგარიშსწორება სასამართლოს დარბაზებში ხდება, - აქციის 37 მონაწილეს პროცედურული დარღვევით, ერთი მოსამართლე უკვე მეორე დღეა ასამართლებს ისე, რომ ბრალდებულებს საკუთარ პროცესზე არ უშვებენ, ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზიდან აძევებენ და ადვოკატებს მტკიცებულებების წარდგენისთვის დრო არ ეძლევათ.
თითქმის 48 საათია პოლიცია, ჟურნალისტები და მანდატურის სამსახური ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, რადგან 48 საათია, რაც 1 მოსამართლე იხილავს 37 ადამიანის საქმეს და ჯერ არც ერთი დაკავებულის განაჩენი არ გამოუცხადებია. ცოტა ხნის წინ ხმაური იყო სასამართლოს შენობაში. სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და კიდევ ხუთი პირი სასამართლოში გამოცხადნენ, რადგან მათ მოსამართლემ უთხრა, რომ 18:00 საათზე გამოუცხადებდა განაჩენს, მაგრამ მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი რუსთაველზე დაკავებული სხვა 6 პირის საქმეს განიხილავს. გიგა მაქარაშვილმა სასამართლოს დარბაზში შესვლა სცადა, მაგრამ მანდატურებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.
„მოსამართლემ გამაფრთხილა, რომ დაგვიანებას ვერ აიტანდა და ვცადე, 6 საათზე მივსულიყავი დარბაზთან. წინ დამიდგა მანდატური, რომელმაც მითხრა, რომ ვერ შემიშვებდა. ამას მოყვა ის, რომ კართან დგას ყველა ცრუ მოწმე, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ჰყავთ მოყვანილი პოლიციიდან," - განუცხადა „ფორმულას" მაქარაშვილმა.
პირველი პროცესი 20 ნოემბრის 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 20 ნოემბრის 20:00 საათისთვის ჯერ არც ერთი დაკავებულის მიმართ მოსამართლეს განაჩენი არ გამოუტანია.
მოწმეთა ნაწილი „ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ მათთვის ოქმის შინაარსი არ წაუკითხავთ, არამედ მიაწერეს, რომ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. დაკავებულები და ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო საქმის დაჩქარებული წესით შეკერვას ცდილობს და ცრუ მოწმეები მოჰყავს.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით 37 პირი დააკავეს.