logo
ENG



არჩევნებამდე 10 დღით ადრე ეს ამბები უნდა იცოდე

21 ოქტ 202008:51
3 წუთის საკითხავი
clock 1586
elqngbdfouuyq2f.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 21 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

ზეწოლა სოსო ჯაჭვლიანზე 

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის ცოლი კახა კალაძის ცოლისძმას „ზონდერი” სპორტსმენების მფარველობაში ადანაშაულებს. 

ირმა ფირცხალაშვილის თქმით, გიორგი არეშიძე მკლავჭიდელების ჯგუფს საარჩევნოდ იყენებს. ფირცხალაშვილი სოსო ჯაჭვლიანისადმი აგორებულ შავ პიარზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სახელისუფლებო არხები ქართული ოცნების ყოფილი წევრის საწინააღმდეგოდ სიუჟეტებს ამზადებენ. ირმა ფირცხალაშვილი ამ ყველაფერს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

სოსო ჯაჭვლიანის ოჯახზე მუქარა და დევნა ბოლო პერიოდში გახშირდა. მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის ცოლს სახლთან ნიღბიანი პირი დახვდა და პრობლემების შექმნით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ჯაჭვლიანი თანამდებობას არ დატოვებდა. ამას კი წინ უძღოდა გამგეობის სხდომაზე შეჭრა და ჯაჭვლიანისთვის კვერცხებისა და წყლის დაშენა.

 

წინასაარჩევნო დარღვევები

ცენტრი ემპათია დიპლომატიურ კორპუსს წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ მომზადებულ კვლევას გადასცემს. საუბარია მარნეულში მომხდარ ინციდენტზე, სადაც ქველაძეების ოჯახი, ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი და სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის დამკვირვებელი დაზარალდნენ. საქმეებთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს დამატებით 21 საქმე გადაეცემა. 

როგორც ცენტრი ემპათიას იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, გიგა ლემონჯავა აცხადებს, წინასაარჩევნოდ მომრავლებული ძალადობის ხარისხით, არა მხოლოდ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს აყენებს, არამედ საფრთხეში ქვეყნის სტაბილურობა და მდგრადობაცაა

 

ხალხმრავლობა და დარღვეული რეგულაციები მეტროში

ხალხმრავლობა და დარღვეული რეგულაციები მეტროში. მეტროსადგურებში არსებული მდგომარეობის შესახებ ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში თავად მგზავრები ავრცელებენ. 

რამდენიმე დღის წინ შსს-მ სადგურებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მგზავრთა კონტროლი დაავალა, კონკრეტულად კი მგზავრების მიერ პირბადეების ტარება. თუმცა, პირბადის გარდა სადგურებზე მთავარი პრობლემა ხალხმრავლობა და დარღვეული დისტანციაა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების მიაჩნიათ, რომ ტრანსპორტში ხალხის სიმრავლის თავიდან ასაცილებლად, სატრანსპოტრო საშუალებები უნდა დაემატოს.

 

შეცდომები კორონავირუსთან ბრძოლაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში გარკვეული შეცდომები დაუშვა. პაატა იმნაძემ ამასთან დაკავშირებით გადაცემა ,,პოლიტმეტრში” ისაუბრა. მან ბათუმში ტესტირების კარვების დადგმას პოპულისტური გადაწყვეტილება უწოდა. 

იმნაძის თქმით, კარვებში ვირუსის გადასამოწმებლად ყველა ცნობისმოყვარე ადამიანი მიდიოდა, რამაც ლაბორატორიების გადატვირთვა გამოიწვია. ამის შედეგად კი ტესტირებების პასუხები იმ ადამიანებს დაუგვიანდათ, ვინც ინფიცირებულები აღმოჩნდნენ.

 

კორონავირუსი ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიაში

ფოთის N 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ 2 უბანზე, კომისიის 3 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. საოლქო-კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია აცხადებს, რომ ინფიცირებულ წევრების ახლით ჩაანაცვლებენ. მისივე თქმით, საარჩევნო უბნები ერთი დღით დაიხურა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

 

თაკო ჩარკვიანის წარდგენა 

სტრატეგია აღმაშენებელმა, საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად თაკო ჩარკვიანი ოფიციალურად წარადგინა. ჩარკვიანი მოსახლეობას პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ წარუდგინა. ვაშაძის თქმით, მასთან ერთად ბლოკი იმიტომ შექმნა, რომ ჩარკვიანმა მას მეტი გამბედაობა მისცა. წარდგენაზე იმყოფებოდა კანდიდატის ძმა, მომღერალი მამუკა ჩარკვიანიც.

 

close დახურვა