შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ისინი ყველა მედიასაშუალებისგან და მობილური ოპერატორისგან მოითხოვენ, ზუგდიდში, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას გათიშონ ლაივ სიგნალი.
"ყველა მედიასაშუალებისგან, მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ, მძევლების, სამართალდამცავებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისა, საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივ სიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ კანონით არსებული ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა", - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ.
მისივე თქმით, დამნაშავის პირდაპირ ეთერში ჩართვა საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას და ღონისძიების ეფექტიანობას.
ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს შეიარაღებული პირი დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, მას აქვს ავტომატი და ხელყუმბარა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
ფორმულას ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ.
ფორმულას ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ოთახში დაახლოებით 20 მძევალია. მისივე ცნობით, სულ სამი თავდამსხმელია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.