ბიძინა ესებუა მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკს თავს მისი ძმა, ბადრი ესებუა დაესხა, ცილისწამებას უწოდებს. თუმცა, მან არც ის იცის, სად იყო ბადრი ესებუა 21 ოქტომბერს.
ბიძინა ესებუას თქმით, მისი ძმა ახლა თბილისშია და კომენტარს, სავარაუდოდ, ხვალ, 27 ოქტომბერს გააკეთებს.
"ჩემი ძმა მოვა, სავარაუდოდ, ხვალ და ხვალ გააკეთებს კომენტარს.
ზუსტად არ ვიცი, სად იყო 21 ოქტომბერს, მაგრამ ეს არის ცილისწამება. არანაირი მსგავსება არ არის სიმაღლეში, ტანადაც სხვანაირია.
ახლა თბილისშია, სამკურნალოდ არის წასული. თბილისში წავიდა ორშაბათს ან სამშაბათს". - თქვა მან.
თავად ბადრი ესებუას ბრალდებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თავის გადაცემაში 25 ოქტომბრის საღამოს თქვა, რომ მისთვის წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს სენაკის მეორე ბრიგადის ყოფილი ჯარისკაცი, ბადრი ესებუა დაესხა. მისი თანამზრახველი კი ერთ-ერთი მძევალი, მოქმედი სამხედრო, დავით ხვიბლიანი იყო.
ხვიბლიანი ერთ-ერთია იმ სამ მძევალს შორის, რომელიც თავდამსხმელმა მაშინ წაიყვანა, როცა ბანკის შენობა ფულთან ერთად დატოვა.
მისი თქმით, ბადრი ესებუას არ იცნობს, თანამზრახველობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კი სიცრუეს უწოდებს.
"მძევლად თან იმიტომ წამიყვანა, რომ იცოდა, რომ ჯარისკაცი ვიყავი და არ გავაკეთებდი რაღაც ისეთს, რაც ხალხს ზიანს მიაყენებდა. არ მგონია, რომ [პოლიციას მისი განეიტრალება შეეძლო]. უცხო ფერის თვალები ქონდა, შეიძლება ვერც ვთქვა, ის ის იყო თუ არა".
ბადრი ესებუა ზუგდიდის ერთ-ერთი სოფლიდანაა.
ზუგდიდში გუშინ, 25 ოქტომბერს ჩასული იყო შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და მისი ორი მოადგილე, კახა საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრას ესწრებოდა დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავაც, რომელიც თავდამსხმელს მოელაპარაკა, მოთხოვნილი თანხა - 500000$ მიუტანა და ერთ-ერთი მძევალიც ჩაანაცვლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
თუმცა, შსს თავდამსხმელის არც ინიციალებს ავრცელებს და მედიებსაც მოუწოდებს, "თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს".
სხვა კომენტარი უწყების მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით შეიარაღებული თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა, გამოსასყიდის სახით კი 500 000 დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათში მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად შენობიდან გავიდა და ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით წავიდა. გალდავამ ერთ-ერთი მძევალი ჩაანაცვლა და თავდამსხმელს გაყვა.
მოგვიანებით თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, ფული წაიღო და მიიმალა.