logo
ENG



შსს: თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა, მიმდინარეობს მისი ძიება

26 ოქტ 202020:01
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა. მათივე ცნობით, ის დაკავებული არაა და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

25 ოქტომბერს სწორედ ბადრი ესებუა დაასახელა ტელეკომპანია მთავარმა ბაკზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებულის ვინაობად.

უწყებაში გამართულ ბიფინგზე მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება დანაშაულის ღამესვე მოხდა. 

"ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია იდენტიფიცირებული პირის ვინაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს.

პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს", - აღნიშნა ბორცვაძემ.

ამჟამად ბადრი ესებუას და მისი ნათესავების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. 

ბრიფინგზე გაირკვა ისიც, რომ შსს საქმეს ტერორისტული აქტისა და ტერორისტული მიზნით მძევლის ხელში ჩაგდების მუხლებით იძიებს.

ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიარაღებული მძარცველი 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მან 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველებმა მას თანხა გადასცეს. თავდამსხმელმა ბანკის შენობა პოლიციელთან და რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა, შემდეგ კი თანხასთან ერთად გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

 


close დახურვა