logo
ENG



კელი დეგნანი: მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს

28 ოქტ 202012:29
3 წუთის საკითხავი
 

"მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს", - ამბობს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან ინტერვიუში. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ელჩმა აღნიშნა ისიც, რომ სურს შაბათს ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იხილოს.

"მსურს, ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, რომ დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში", - ამბობს ელჩი.

კელი დეგნანმა ასევე დაახასიათა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მოდელი და აღნიშნა, რომ ისინი დააკვირდებიან, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს.

"თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს პროცესს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო, და ხალხმა ის ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან არჩევნებში, თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხალხის იძულება, რომ გადაუღონ ფოტო საარჩევნო ბიულეტენს ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ ხმა მისცენ ერთ პარტიას, ან დაწინაურების პირობა, რომ ხმა მისცენ სხვა პარტიას. თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას. ეს არ ნიშნავს, ბიულეტინების ჩაყრას, არც მრავალჯერადი ხმის მიცემას, არც გაყალბებას გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ მათ არჩევნებს, რათა ვნახოთ, რამდენად დაიცავს საქართველო მაღალ სტანდარტებს, რომელიც დაიკისრა. ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში", - თქვა კელი დეგნანმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა