logo
ENG



ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, პაკისტანელი ბოტები - მდინარაძემ ოპოზიცია "ამხილა"

28 ოქტ 202016:39
3 წუთის საკითხავი
clock 1223

ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ Facebook-ში ოპოზიცის მიერ შექმნილი ათეულობით გვერდი ფუნქციონირებს. მდინარაძე პოლიტიკურ ოპონენტებს ეკლესიისა და მმართველი გუნდის ლიდერების დისკრედიტაციაში, ასევე კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გაშიფრულ მასალას საერთაშორისო დამკვირვებლებსა და Facebook-ს გადაცემს. 

მდინარაძე აღნიშნავს, რომ Facebook-თან დაკავშირებით სიწმინდეზე თავს არავინ დებს და ოპოზიციური პარტიების მსგავს ქმედებას ქართული ოცნების მხარდამჭერებიც აწარმოებენ, ოღონდ არა ოპონენტებისნაირ სიბინძურეს. თუმცა, მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა "სიბინძურესა" და "სიბინძურეს მსგავს ქმედებას" შორის.

ქართული ოცნების ლიდერი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია Facebook-ზე სისტემურ დანაშაულს სჩადის, ხოლო მმართველი გუნდის მხარდამჭერებს და არა უშუალოდ ქართული ოცნების წევრებს, ერთეული გადაცდომები აქვთ, რაც პროპაგანდაში გამოიხატება.

მდინარაძემ Facebook-ის მიერ ქართული გვერდების წაშლაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთადერთი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელიც პირდაპირ იქნა მითითებული ფეისბუქის მიერ როგორც ფეიქ-ექაუნთების შემქმნელი და გამავრცელებელი.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმა. გვერდების მართვაში ცნობილი მუსიკალური ჯგუფი "პანდა" იყო ჩართული, რომელიც შემდეგ სარეკლამო კომპანიად გადაკეთდა.

Facebook-ის ცნობით, ჯამში 344 ფეისბუქგვერდი, 39 პროფილი, 22 ინსტაგრამის ანგარიში და 13 ფეისბუქის ჯგუფი წაიშალა, რომლებიც შემჩნეული იყვნენ სამთავრობო პროპაგანდაში, ხოლო მათ რეკლამაზე 316 000$-მდე დაიხარჯა. 

2020 წლის 5 მაისს Facebook-მა ონლაინსივრციდან წაშალა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული 790 ყალბი ანგარიში, რომლებსაც, მათი ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი მართავდა. ყალბი ანგარიშები ეწეოდნენ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მმართველი პარტიის ოპონენტთა დისკრედიტაციას.

 

 


close დახურვა