logo
ENG



TV პირველის ჟურნალისტი: კობახიძემ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მისმენს, სამართლებრივად ვიომებ

29 ოქტ 202017:27
3 წუთის საკითხავი
clock 1142
iufzio3ja44k4kz.png

TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას, განცხადებით, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საჯაროდ დაადასტურა, რომ ხელისუფლება ტელეფონზე უსმენს.

როგორც გოგელია Facebook-ზე წერს, ის მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს "ე.წ. პოლიტიკოსი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის "პასუხს აგებს". 

"ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო. ქათამაძეს ტელეფონზე ვესაუბრე გუშინ დილით და ვკითხე, რა ხდებოდა რეგიონში, სად იყო დაძაბულობა, რაზეც მითხრა რომ ნასაკირალში და ჭანიეთში რთული მდგომარეობაა, რომ ნასაკირალში, გუშინწინ მათი შეხვედრის ჩაშლა სცადა ქართულმა ოცნებამ და რომ არჩევნებზე ამ ორ უბანზე ელოდებიან პროვოკაციებს.

ამის შემდეგ, ბესო ქათამაძეს შევხდი მათი პარტიის ოფისთან, დაახლოებით 20 ადამიანის თანდასწრებით, სადაც დაახლოებოთ 2 წუთი ვისაუბრეთ, გუშინ, ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე _ კარტოფილის და ზეთის დარიგებაზე! აი, სულ ეს იყო ამბავი!!! დანარჩენი კი აწი იქნება, ირაკლი კობახიძე.

ახლა, როცა ჩემი პატარა შვილები მირეკავენ და მეკითხებიან, რა დავაშავე, როცა დედაჩემი შენი ბინძური და ტყუილებით გაჯერებული განცხადების გამო ცუდადაა, როცა ჩემი ახლობლები ნერვიულობენ, პირდაპირ გეუბნები - არ შეგარჩენ, სამართლებრივად ვიომებ. ამით და კიდევ რაც არ უნდა მოიგონოთ, რაც არ უნდა შეთხზათ, ვერც იმით ვერ შემაშინებთ", - წერს გოგელია FACEBOOK-ზე.

ცნობისთვის, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "დესტრუქციული სცენარის მნიშვნელოვან მონაწილეებად განიხილებიან რადიკალური ოპოზიციის საკუთრებაში არსებული რადიკალური პარტიული ტელევიზიები" - მთავარი არხი და TV პირველი. კობახიძის თქმით, TV პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს ესაუბრა. კობახიძის მტკიცებით, გოგელიამ საუბარში ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც "აპირებენ არეულობას".


close დახურვა