logo
ENG



არჩევნები და პანდემია - რა პროცედურებს გაივლით საარჩევნო უბანზე

30 ოქტ 202019:13
3 წუთის საკითხავი
clock 2194
07tl6q6dmn2ure3.jpg

31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევენ. ეს არჩევნები წინა არჩევნებისგან ბევრი რამით განსხვავდება: პირველ რიგში, ის ჩატარდება ახალი სისტემით, 120/30-ზე პროპორციით. მას გამოარჩევს ისიც, რომ არჩევნები ჩატარდება კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ხმის მიცემის რეგულაციები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავა. 

ფორმულა გთავაზობთ იმ რეგულაციების ნუსხასა და კენჭისყრის პროცედურებს, რისი გავლაც ხვალ არჩევნებზე მისულს მოგიწევთ.  

  • კომისიის წევრებს, ამომრჩევლებს, დამკვირვებლებსა და მედიას პირბადეების და დამცავი საშუალებების გარეშე უბანზე მუშაობის უფლება არ ექნებათ.
  • ადგილზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება (თერმოსკრინინგი სავალდებულოა და ჩაუტარდება მხოლოდ დამკვირვებლებსა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებს).
  • კენჭისყრის შენობაში პირბადის მოხსნა ამომრჩეველს 2-ჯერ მოუწევს: ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს; პირადობის მოწმობაში ან პასპორტში სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს. აღსანიშნავია, რომ თუ მოქალაქე ამ ორ შემთხვევაში პირბადეს არ მოიხსნის, მას ბიულეტენს არ მისცემენ და იგი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პირბადის გამოყენება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არ იქნება სავალდებულო, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება უჭირთ და ეს დასტურდება სამედიცინო ცნობით.

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები კენჭისყრის კაბინებსაც შეეხო.

  • მაგალითად, კაბინებს აღარ ექნება ფარდა, მაგრამ ამომრჩევლის ხმის დაცულობის მიზნით, შესასვლელი იქნება კედლის მხრიდან, ანუ მოქალაქე კაბინას შემოუვლის და ისე შევა. 
  • ასევე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საარჩევნო უბანზე მისულ თითოეულ მოქალაქეს ინდივიდუალური საწერი კალამი გადაეცემა. თუ ამომრჩეველს არ ექნება პირბადე, მას ცესკო უზრუნველყოფს. 

როგორ მისცემენ ხმას კორონავირუსით სტაციონარსა და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეები: 

ცესკოს დადგენილების თანახმად, არჩევნების დღეს საკარანტინო სივრცეებში, სტაციონარებში, თვითიზოლაციაში (მათ შორის ბინაზე მკურნალობის დროს) მყოფი ადამიანებისთვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო ყუთს მოქალაქეებთან ადგილზე მიიტანენ. ცესკოს ინფორმაციით, ამ მოქალაქეების ხმებს ცალკე, სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებში დაითვლიან. 

იმისათვის, რომ სტაციონარსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა, ცესკო-მ შექმნა ცხელი გაზი, რომელიც 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე ფუნქციონირებდა. მოქალაქეები სპეციალურ ნომერზე დარეკვით რეგისტრაციას გადიოდნენ. აღსანიშნავია, რომ მანამდე რეგისტრაციის ვადა 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე გრძელდებოდა, თუმცა ოპოზიციის კრიტიკისა და ძალისხმევის შემდეგ, ცესკომ ზარების მიღების ვადა გაახანგრძლივა. ამასთან უცნობია, როგორ მისცემენ ხმას ის პირები, რომლებიც რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაინფიცირდნენ, აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეების ნაწილი კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას ვერ შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამომრჩევლების ნაწილმა რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხა. 

ცნობისთვის, რაც შეეხება კენჭისყრის სხვა პროცედურებს ისინი უცვლელია. კერძოდ, საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე იმუშავებს. მოქალაქემ ადგილზე პირადობის მოწმობა ან პასპორტი უნდა წარადგინოს, გაიაროს მარკირების პროცესი, შეავსოს ბიულეტენი და შემდეგ სპეციალურ კონვერტში მოთავსების შემდეგ, ჩააგდოს საარჩევნოყუთში. 

ნუ გეშინიათ, წადით არჩევნებზე:

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ თუ ყველა წესი დაცული იქნება, არჩევნებზე მისვლა ეპიდვითარებაზე არანაირ ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს და მოქალაქეებისთვის რისკის შემქმნელი არ იქნება. 

"არჩევნებზე წასვლა არანაირ რისკს არ ქმნის, თუ ყველა წესი იქნება დაცული. ეს დაახლოებით იგივე საჭიროებაა და კიდევ უფრო მეტი, როცა ადამიანები მაღაზიის რიგში დგანან და პანდემიის პერიოდში, როცა კარანტინი იყო, რიგები იყო მაღაზიებში და უზრუნველყოფილი იყო ყველაფერი და ამან პანდემია ვერ დაამძიმა. მე ასე ვუყურებ ამას - ერთი დღე იქნება წესების დაცვით და არანაირი ზეგავლენა პანდემიურ ტრაექტორიაზე არ ექნება, დარწმუნებული ვარ. ადამიანებს არ უნდა შეეშინდათ არჩევნებზე მისვლა და პირიქით ბევრმა უნდა გამოხატოს თავის სამოქალაქო ვალდებულება", - ამბობს კულუმბეგოვი. 

 


close დახურვა