logo
ENG



ფოტიგა: გაოგნებული ვარ, რურუას უსაფრთხოებაზე სრული პასუხიმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

03 ნოე 202019:12
3 წუთის საკითხავი
 
vm6y8o95ui9rr30.jpg

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა განმაცვიფრებელს უწოდებს გიორგი რურუაზე გუშინ, გლდანის მე-8 დაწესებულებაში განხორციელებულ თავდასხმას და რურუას ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

ფოტიგა ევროპელ დიპლომატებს რურუას მონახულებისკენ და სიტუაციის შეფასებისკენ მოუწოდებს. 

"უკიდურესად გაოგნებული ვარ გიორგი რურუაზე სასტიკი თავდასხმის და ციხეში მისი ცემის ამბით. მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

მოვუწოდებ ჯოზეფ ბორელს (ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი) და ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს, დააყენონ ეს საკითხი. ევროპელმა დიპლომატებმა უნდა მოინახულონ რურუა და შეაფასონ სიტუაცია", - წერს ფოტიგა ტვიტერზე. 

გუშინ გიორგი რურუას გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები ფიზიკურად დაესხნენ თავს. ინფორმაცია თავდაპირველად რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გაავრცელა. 

მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია თავად პენიტეცნიურმა სამსახურმა დაადასტურა. 

ადვოკატი საძაგლიშვილი თავდასხმას ხელისუფლების მიერ დაგეგმილს უწოდებს და მას საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, რურუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა მმართველი გუნდი ამ პირობას დღემდე არ ასრულებს.


close დახურვა