logo
ENG



ცესკოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თანამდებობა არჩევნების გაყალბების გამო დატოვა

06 ნოე 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, ივანე ბურდულმა თანამდებობა დატოვა. მთავარ არხთან საუბარში ის აცხადებს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება 31 ოქტომბრის "არჩევნების გაყალბებას" უკავშირდება:

"მიმაჩნია, რომ მე იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგ მიზეზთა გამო. მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ტოტალურად გაყალბდა. მე მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი კომისიაში არ არის", - ამბობს ბურდული.

წამყვანის კითხვაზე, თუ ვისგან მიდის [გაყალბების] ინსტრუქციები, იგი პასუხობს, რომ კონკრეტულ პირებზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა "ეს არის სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს მართავს". 

მისივე თქმით, ამ სისტემაში ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს მმართველ პარტიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

ამავე ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ივანე ბურდულმა არჩევნების გაყალბების კონკრეტულ სქემებზე ისაუბრა. ივანე ბურდულის თქმით, იუსტიციის სამინისტრო წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა სიებს ამუშავებს და ცესკოს გადასცემს, ეს სიები კი შემდეგ საარჩევნო მანიპულაციის საგანი ხდება.

ივანე ბურდულმა შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა კომისიის ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა განცხადების ასლი წარწერით: "მშვიდობით ცესკო...". 

ცესკოს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმზღვანელმა, გიორგი კალანდარიშვილმა ფორმულას განუცხადა, რომ მედიით შეიტყო ივანე ბურდულის სამსახურიდან წასვლის შესახებ და მომხდარს სიტუაციაში გარკვევის შემდეგ შეაფასებს.

"ვანო ბურდულის გათავისუფლებასთან დაკავშირებით თქვენგან შევიტყვე. ამ ეტაპზე უცნობია, მოგვანებით შემიძლია გავერკვე და გაცნობოთ. თუ ამ დილიდან ვარ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე. მივალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და გავერკვევ", - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი. 

31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ.


close დახურვა