logo
ENG



დეკანოიძე "ოცნებას": ნუთუ არ გაგაჩნიათ მორალი, რომ ადამიანის სიცოცხლით არ ივაჭროთ

07 ნოე 202016:48
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე "ოცნებას": ნუთუ არ გაგაჩნიათ მორალი, რომ ადამიანის სიცოცხლით არ ივაჭროთ

ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების წევრებს ამორალურ ადამიანებს უწოდებს. 

ისნის მაჟორიტარი კანდიდატი მმართველი პარტიის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც ენმ-ს ბრალი დასდეს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლაში.

ცესკოს თანამშრომელი, თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში დღეს, 7 ნოემბერს გარდაიცვალა. "ოცნების" წევრმა, გიორგი ხელაშვილმა თქვა, რომ გიბეჯიშვილი ნაციონალური მოძრაობის რეპრესიების მსხვერპლია და საგამოძიებო უწყებებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა. 

"მინდა, მწუხარება გამოვხატო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო. ვიზიარებ წუხილს, თანავუგრძნობ ოჯახს.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ის, რაც იკადრეს და კადრულობენ ქართული ოცნების, ბიძინა ივანიშვილის მონები და მსახურები, სცდება ყოველგვარ ზღვარს. დღეს, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უამრავ ადამიანზე, კომისიის წევრზე ზეწოლის შემდეგ, გამოდიან და ყოფნით იმის თავხედობა, უტიფრობა, კვლავ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ილაპარაკონ. 

რა გჭირთ, ხალხნო, ნუთუ არ გაგჩნიათ ელემენტარული მორალი, რომ კვლავ ადამიანების სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციაზე არ ილაპარაკოთ". - თქვა ხატია დეკანოიძემ. 

გიორგი ხელაშვილთან ერთად, ენმ-ს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალებაში ბრალი პარტიის კიდევ ერთმა წევრბა, ბექა დავითულიანმაც დასდო. მან თქვა, რომ "გობეჯიშვილის გარდაცვალების ღამეს მასთან ენმ-სთან დაკავშირებული ხალხი მივიდა". 

ხელაშვილმა სამართალდამ უწყებებს მოუწოდა, ამ საკითხზე დაუყოვნებლივ დაიწყონ სისხლის სამართლის საქმე. 

მმართველი პარტიის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ ბრალდებები ოპოზიციის პროტესტის, მათი მხრიდან არჩევნების მასობრივად გაყალბებაზე საუბრის და საპროტესტო აქციისთვის სამზადისისი ფონზე გაისმა. 

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ და 8 ნოემბერს "გრანდიოზულ" საპროტესტო აქციასაც აანონსებენ.

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე. 

ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893. 

პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400; 

ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19; 

ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850; 

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული. 

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა. 

მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით. 

თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. 


close დახურვა