logo
ENG



ტრამპი: არჩევნები ჯერ არ დასრულებულა, ბაიდენი არ არის არჩეული, შედეგებს გავასაჩივრებთ

07 ნოე 202021:54
3 წუთის საკითხავი
 
q7n8tnciio3z5g8.jpg

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

ტრამპი აცხადებს, რომ რამდენიმე შტატში, რომლებშიც ახლო მარათონი მიმდინარეობდა, მისი კამპანიის კანონიერი წარმომადგენლები ხმის დათვლის პროცესს არ დაასწრეს, შესაბამისად, მისი შეფასებით, დამდგარი შედეგი გაყალბებული და დამუშავებული ხმების დათვლის შედეგადაა მიღებული. 

იხილეთ განცხადება სრულად: 

"ყველამ ვიცით, რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადებას და რატომ ეხმარებიან მას მოკავშირე მედიაგამოცემები: მათ არ სურთ სიმართლის გამოაშკარავება. მარტივი ფაქტია: ეს არჩევნები დასასრულიდან ჯერ კიდევ შორს არის. ჯო ბაიდენი არცერთი შტატის დადასტურებულ გამარჯვებულად ჯერ არ გამოცხადებულა, რომ არაფერი ვთქვათ მაღალი კონკურენციის მქონე შტატებზე, რომელთა შედეგებიც აუცილებლად გადაითვლება, ისევე როგორც ის შტატები, რომლებშიც ჩვენს კამპანიას დამაჯერებელი და ლეგიტიმური სამართლებრივი პრეტენზიები აქვს, რამაც შესაძლოა საბოლოო შედეგები შეცვალოს.  მაგალითად, პენსილვანიაში ჩვენი დამკვირვებლები არ დაუშვეს, რათა ხმის დათვლის პროცესს დაკვირვებოდნენ. კანონიერი ხმები წყვეტენ, ვინ გახდება პრეზიდენტი და არა მედია. 

ორშაბათიდან ჩვენი კამპანია საქმეს სასამართლოში წარადგენს, რათა სრულად აღსრულდეს საარჩევნო კანონმდებლობა და პრეზიდენტის თანამდებობა კანონიერმა გამარჯვებულმა დაიკავოს. ამერიკელი ხალხი იმსახურებს პატიოსან არჩევნებს, რაც კანონიერი ხმების სრულ დათვლას გულისხმობს, და არა უკანონო ხმების დათვლას. მხოლოდ ამ გზით შეიძლება საჯარო რწმენა უზრუნველვყოთ არჩევნების მიმართ. კვლავ განმაცვიფრებელია, რომ ბაიდენის კამპანია უარს ამბობს მთავარ პრინციპზე და ხმების დათვლას ემხრობა, თუნდაც ხმები გაყალბებული, დამუშავებული ან უკანონო და გარდაცვლილი ამომრჩევლების მიერ იყოს მიცემული. 

ასე რომ, რას მალავს ბაიდენი? არ მოვისვენებ მანამ, სანამ ამერიკელი ხალხი დამსახურებულ, ხმის დათვლის პატიოსან პროცესს არ იხილავს, რასაც დემოკრატია მოითხოვს", - ვკითხულობთ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებაში. 

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად 1 საათის წინ გამოცხადდა. მან, ამ დროის მონაცემებით, 290 დელეგატის ხმა დააგროვა. 

ბაიდენის გამარჯვება პენსილვანიის შტატის შედეგებმა გადაწყვიტა. შტატის 20 დელეგატის ხმის მიღების შემდეგ ბაიდენმა 270 ხმიანი მიჯნა გადალახა და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

პენსილვანიის შტატი ერთერთი იყო იმ შტატებიდან, რომლის შემობრუნებაც ბაიდენს არჩევნებში გასამარჯვებლად სჭირდებოდა. ხმათა 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ პენსილვანიის შტატი საბოლოოდ გალურჯდა. 

ბაიდენის გამარჯვება Guardian-ის, Foxnews-ის, Cnn-ის, BBC-ისა და სხვა არაერთი რესპექტაბელური მედიის გათვლით (projection) უკვე დადასტურდა. 

ბაიდენის კონკურენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი უკვე რამდენიმე დღეა საჯაროდ აცხადებს, რომ სხვადასხვა შტატის შედეგების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა ყველა სამართლებრივი პროცედურის გათვალისწინებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვარს უნდა შედგეს. 

ბაიდენი (78 წლის) ინაუგურაციის დღეს ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი იქნება, კამალა ჰარისი კი აშშ-ის პირველი ქალი და პირველი შავკანიანი ვიცეპრეზიდენტი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 28 წლის შემდეგ პირველად ამერიკელმა ხალხმა ქვეყნის პრეზიდენტი პირველი ვადის გასვლის შემდეგ გადაირჩია. ბოლო ასეთი შემთხვევა 1992 წელს მოხდა, როდესაც უფროსი ჯორჯ ბუში დემოკრატ ბილ კლინტონთან პირველი ვადის გასვლის შემდეგ დამარცხდა. 


close დახურვა