პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები განსხვავებების მიუხედავად გაერთიანდნენ, რადგან მათ საერთო მიზანი აერთიანებთ.
როგორც ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, ქვეყანა საფრთხეშია და პარტიებმა ყველაფერი გვერდზე გადადეს, რათა "თავისუფლება არ დათმონ".
"პარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, აქ სხვადასხვა დროშა კი ფრიალებს, მაგრამ ერთ საქმეზე ვართ მოსულები. ერთი დარდი და ერთი მიზანი გვაქვს. წესიერ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ და ვაცხოვროთ ჩვენი შვილები. გვინდა, რომ აბუჩად ვერავინ გვიგდებდეს.
ეს დღეები გაისმის: იმასთან ნუ დადგები, ამასთან ნუ დადგები, ამას ნუ იზამ, იმას ხელი არ ჩამოართვა, იმას არ მიესალმო. დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო. ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ, ამ საფრთხეში უნდა გადავდოთ გვერდზე, ვინ ვის გულზე ეხატება ან არა ეხატება, ვინ ვის გამარჯობას ვეუბნებით ან არ ვეუბნებით, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და ვინ რამდენით ნაკლები. საქართველო არის საფრთხეში და ერთხელ და სამუდამოდ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ვაჩვენოთ მტერს და მოყვარეს, რომ ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებენ და მასშტაბურ აქციას მართავენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილის მოთხოვნა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.