
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსი, 8-9 ნოემბერს ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო შეკრების დაშლის საფუძველი არ არსებობდა და დემონსტრანტების წინააღდეგ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა სათანადო ბალანსი შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მიზანს შორის, რითაც უკანონოდ შეზღუდეს ადამიანების მიერ პროტესტის გამოხატვა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფოს მიზანი არა წესრიგის დამყარება, არამედ პროტესტის მონაწილეთა დასჯა იყო.
მათივე თქმით შსს-მ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ: სახელმწიფოს მიერ შეკრების დაშლის საფუძველი არ არსებობდა, აქციის მონაწილეები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ ძალის გამოყენების შესახებ, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, ძალადობის შემთხვევები შესაძლოა იყო პროვოცირებული საპოლიციო ძალის უკანონო გამოყენებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სიტუაციის შესაჩერებლად გამოიყენოს ბოიკოტში მყოფ ოპოზიციასთან დიალოგის წარმოების ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური გზა.
ასევე, დაიწყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცედურები, იმ პირების მიმართ, რომლებმაც გაფრთხილების გარეშე ძალის გამოყენების ბრძანება გასცეს და გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ.