logo
ENG



სამადაშვილი: დღეს ვერ ვხედავ, რომ ახალი არჩევნების გარდა რაიმეს შეუძლია გაასწოროს გაყალბება

10 ნოე 202015:50
3 წუთის საკითხავი
 
სამადაშვილი: დღეს ვერ ვხედავ, რომ ახალი არჩევნების გარდა რაიმეს შეუძლია გაასწოროს გაყალბება

ნაციონალური მოძრაობის ერთიერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. 

მისი თქმით, ქართული ოცნების მიერ არჩევნების გაყალბებას განმეორებითი არჩევნების გარდა ვერაფერი გაასწორებს. 

"პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დასთანხმდება, ცხადია. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დასავლეთის შუამდგომლობით. შეთანხმების პირობა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკოს ახალი შემადგენლობა.

თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე პირადად განვიხილავდი ამ შესაძლებლობას, მაგრამ დღეს ვერ ვხედავ, რომ განმეორებითი არჩევნების გარდა რაიმეს შეუძლია გაასწოროს ის გაყალბება, რაც ოცნებამ დაატრიალა 31-ში. ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ვინმე თუ წარადგენს, ამ მესამე პუნქტთან მიმართებაში მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს", - წერს სამადაშვილი.

პირველ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს "ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ "ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით".

ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".

ვაშაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა.

ამ განცხადებაში ის ამბობს, რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ  "სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება", ის არ საუბრობს მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლაზე. თუმცა ამ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რა იგულისხმება "მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში".


close დახურვა