მამუკა მდინარაძე ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს მიმართავს, მიაწოდოს ინფორმაცია მეთოდოლოგიის და 1500 უბნის შესახებ, რომელიც მისი თქმით, "ისფედმა გადათვალა" და დარღვევები გამოვლინდა.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ასე უფრო გაერკვევა, რაშია საქმე და რამ გამოიწვია ის "მცირე სხვაობა", რომელიც, მისი მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების სასარგებლოდ გამოვლინდა".
"პარალელური დათვლის შედეგად იყო მცირე სხვაობა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების შედეგთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ბევრი, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ISFED-ს, მოეწოდებინა ჩვენთვის ინფორმაცია მეთოდოლოგიის და იმ 1500 უბნის შესახებ, რომელზე თვითონ თქვეს, რომ გადათვალეს. ამასთან დადარების შემდეგ კიდევ უფრო კარგად გავერკვეოდით, რაშია საქმე. რამ გამოიწვია თუნდაც ის მცირე სხვაობა.
თუ ისინი იტყვიან, რომ გათვალისწინებული იყო ბათილი ბიულეტენებიც, გამოდის, რომ არც ერთ პარტიას არც ერთი პროცენტი და ხმა არ დაკლებია და ეს მოხდა ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების სასარგებლოდ იმ პარტიების ხარჯზე, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი.
ყველა შემთხვევაში, ჩვენ მაინც, საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის ჩვენ გვჭირდება იმ უბნების ჩამონათვალი მათგან და ძალიან ვთხოვ, რომ ისინი მოგვაწოდონ, დავსხდეთ, გავიაროთ". - თქვა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.
***
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ისინი უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.
ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893.
პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400;
ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19;
ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850;
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.
ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (ISFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა.
მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და TI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით.
თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.