პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელიც აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში იმყოფება, ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაიგონ.
მისი თქმით, მათი პარტიის პოზიცია უცვლელია - ისინი არ შედიან პარლამენტში და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
"ჩვენ მუდმივად გვაქვს შეხვედრები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ეს არ არის სიახლე, ჩვენ ვაწვდით მათ ინფორმაციას საარჩევნო დარღვევების შესახებ, ასევე არჩევნების შემდგომ არ გაგვიწყვეტია ეს კომუნიკაცია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორმა გაიგოს - საქართველოში არჩევნები გაყალბდა ტოტალურად და სამარცხვინოდ და ასეთი რამ არასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და ჩვენი პარტიის პოზიცია არის ძალიან მკაფიო - ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში", - თქვა ინაშვილმა TV პირველთან.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პირველი შეხვედრა იმართება. შეხვედრას ქართული ოცნებიდან არჩილ თალაკვაძე, ასევე, ოპოზიციის ლიდერები ესწრებიან.