logo
ENG



ბაქრაძე: ჩვენი პოზიცია მტკიცეა, ახალი არჩევნების გარეშე კონსოლიდაცია ვერ მოხდება

12 ნოე 202018:42
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრაზე ორივე მხარის პოზიციები გახმოვანდა, რომელიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.

მისივე ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა მხარეებს შორის უახლოეს მომავალში შედგება. 

"დიდი განსხვავებაა ჩვენს პოზიციებში. ამიტომ არის ძალიან რთული პროცესი და იმედი მაქვს რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ განსხვავებას შევამცირებთ, ქვეყნის ინტერესებიდან და სტაბილურობიდან გამომდინარე. ოღონდ არა იმის ხარჯზე, რომ მივიღოთ ის, რაც არის მიუღებელი ქვეყნისთვის.

მეორე შეხვედრა შედგება საკმაოდ მალე, კონკრეტულ თარიღს და ადგილს ჯერ ვერ დაგისახელებთ. მაგრამ ერთი რაზეც შევთანხმდით, შეხვედრები გაგრძელდება ჩვენი მეგობრების, ფასილიტატორების მონაწილეობით. ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთივე რთული და კიდევ უფრო რთული პროცესი, რომელიც იყო წლის დასაწყისში, რომელიც დასრულდა 8 მარტის შეთანხმებით.

ვიმეორებ რთული პროცესია, მაგრამ ამ პროცესში როგორც პასუხისმგებლიან ოპოზიციას გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავლის წინაშე. ვეცდებით, რომ კომპრომისი იყოს მოძებნილი, თუმცა პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი არის მმართველი გუნდის მხარეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ამასთან, ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ შეთანხმება მხარეებს შორის ვერ შედგეს, თუმცა პესიმისტური პროგნოზების გაკეთება არ სურს. მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია მტკიცეა და მიიჩნევს, რომ კონსოლიდაცია  ახალი არჩევნების გარეშე ვერ მოხდება. 

"არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. ამის ალბათობა არსებობს. ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი და მტკიცე: რომ ახალი არჩევნების გარეშე, ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდის ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით ამ კრიზისში დარჩენა ჯობია, ერთპარტიული პარლამენტი ჯობია, გახლეჩილი საზოგადოება ჯობია, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება. მაგრამ არ მინდა წინასწარ არაფერზე საუბარი და პესიმისტური პროგნოზების გაკეთება. დღეს შევხვდით, გავცვალეთ არგუმენტები, შევთანხმდით, რომ კარს არ ვხურავთ, პროცესი გრძელდება და ვნახოთ საითკენ მიგვიყვანს", - ამბობს ბაქრაძე. 

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.


close დახურვა