logo
ENG



ვაშაძე ელჩის რეზიდენციასთან: კომპრომისზე საუბარი ნაადრევია, ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ

12 ნოე 202019:30
3 წუთის საკითხავი
clock 844
ვაშაძე ელჩის რეზიდენციასთან: კომპრომისზე საუბარი ნაადრევია, ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები გაცვალეს, თუმცა კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. 

ამასთან, მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და მათი მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა. 

"ორივე მხარემ: ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნებია, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები. ერთი, რაზეც შევთანხმდით ის არის, რომ აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა. არ ვიცით, კონკრეტულად როდის, მაგრამ ოპოზიციის პოზიცია არის ერთი, დავაფიქსირეთ ის, რასაც საჯაროდ ვამბობდით - ეს არის ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემის სრული ცვლილება, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი, ბოიკოტი, არჩევნების გაგრძელება", - აღნიშნა ვაშაძემ. 

რაც შეეხება შაბათს, 15:00 საათზე, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, ვაშაძე ამბობს, რომ აქცია ძალაშია. 

"პარალელურად ველოდებით შემდეგი შეხვედრის თარიღს. კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ, გავცვალეთ პოზიციები, მათ შორის მტკიცებულებები, სხვადასხვა საკითხები", - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

კითხვას - "არსებობს თუ არა მოლაპარაკებებისთვის და კონსენსუსისთვის სივრცე", ვაშაძე ასე პასუხიბს: 

"რადგანაც შევთანხმდით მეორე შეხვედრაზე, ველოდებით გარკვეული პოზიციების ცვლილბას ხელისუფლების მხრიდან და იმედი მაქვს რომ იქნება ასეთი სივრცე", - ამბობს ვაშაძე და ელჩებს ჩართულობისთვის მადლობას უხდის. 

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.


close დახურვა