"სახელმწიფო მდივანმა თბილისში მკაცრი გზავნილი უნდა ჩაიტანოს", - ასე ჰქვია გავლენიანი პოლიტიკური კომენტატორისა და საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტის ტომ როგანის სტატიას, რომელიც ამერიკულ გამოცემა Washington Examiner-ში გამოქვეყნდა.
ავტორი წერს, რომ თბილისში დაგეგმილი ვიზიტის დროს, რომელიც 17 ნოემბერს შედგება და რომლის ფარგლებშიც მაიკ პომპეო არაერთ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერმინისტრ გახარიას შეხვდება, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ უნდა გაუსვას ხაზი, რომ "მეგობრული და ორმხრივი სარგებელის მქონე დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, აშშ არ დახუჭავს თვალს მზარდ ავტორიტარიზმზე ქვეყანაში".
"სადავო არჩევნების მეორე ტურებთან შეჭიდების პარალელურად, სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს და სხვა საშუალებებს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯები საყურადღებოა და ადამიანის უფლებების შელახვის უფრო მასშტაბურ ფორმებზე მეტყველებს, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ პომპეოს ვიზიტის ჟამს ყველა გამოწვევას შენიღბავს", - წერს როგანი.
ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური და მეგობრული გზავნილების მიღმა, პომპეო დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრებზე ბევრად უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს.
პოლიტიკური თანამდებობის მქონე ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრების მიუხედავად, როგანი ხაზს უსვამს, რომ "გახარიას ტახტის" უკან რეალური ძალაუფლება მილიარდელ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს უპყრია ხელთ.
"სამწუხაროდ, ივანიშვილმა თითქმის არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი გავლენა და დოვლათი ქვეყნის გლობალური ინტერესებისა და შანსების ხელშესაწყობად გამოეყენებინა. ამის ნაცვლად, მან უკან დახია განვითარებადი კანონის უზენაესობა და თავს ქვეყნის ჩრდილოელ აგრესორს, რუსეთს აწონებდა, ევროკავშირსა და ამერიკასთან საქართველოს ეკონომიკური კავშირების მოსპობით", - როგანს ზემოთქმულის მაგალითად ანაკლიის პორტის და ევროპასთან ციფრული დერეფნის პროექტების ჩაშლა მოჰყავს.
ავტორი პრობლემას სწორედ ამგვარად სახავს: "რაც უფრო მეტი კონტროლი ექნება პუტინს საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მით უფრო შემცირდება ქვეყნის გლობალური პერსპექტივები", - წერს როგანი.
მისი მოსაზრებით, რაც უფრო მეტად დაივიწყებს ივანიშვილი საკუთარი ხალხის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, აშშ-სა და საქართველოს შორის უკეთესი ურთიერთობისთვის უფრო ნაკლები სივრცე დარჩება.
"ამიტომ პომპეომ ცხადად უნდა განაცხადოს, რომ აშშ არის და კვლავ სურს იყოს საქართველოს აქტიური მეგობარი, თუმცა, ამავდროულად, ნათელი გახადოს, რომ ვაშინგტონი უფრო და უფრო შეშფოთებულია. თუკი აშშ იხილავს, ხელისუფლების მზარდ უპატივცემულობას საკუთარი ხალხის მიმართ, ის უზრუნველყოფს სადამსჯელო ფინანსურ და დიპლომატიურ შედეგებს პასუხისმგებელი პირებისთვის", - წერს როგანი.
საქართველოს პომპეო 17-18 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებთან, "რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ".