logo

კალაძე: ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შევთავაზეთ

14 ნოე 202017:40
3 წუთის საკითხავი
clock 700

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციას 1500 უბნის გადათვლა და ვიდეოჩანაწერების ნახვა შესთავაზა. 

დღეს, 14 ნოემბერს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმას, რაც ოცნებამ მათ შესთავაზა, აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. 

"დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლას. ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე - ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციების ე.წ. კარუსელებს", - ამბობს კალაძე. 

კალაძის თქმით, ოპოზიციას იმ უბნების გადათვლა შესთავაზეს, რომლებიც მათ სადაოდ მიაჩნდათ. 

"ჩვენ შევთავაზეთ, გადავითვალეთ ის უბნები, რაზეც ისინი სვამდნენ კითხვის ნიშნებს, სადაც ISFED-საც ჰქონდა მინიშნებები. მოხდა რამდენიმე უბნის გადათვლა. ძალიან მარტივია - ისინი ლაპარაკობენ არჩევნების გაყალბებაზე? აქ ვართ ყველანი, მივიდეთ, გავხსნათ ეს კონკრეტული უბნები, დავთვალოთ მათთან ერთად და ცხადია, მარტივად ყველაფერი გამოჩნდება.

ოპოზიციის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია. თუმცა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი წამოვლენ რაღაც მოლაპარაკებაზე და მიიღწევა შეთანხმება, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას". - თქვა კახა კალაძემ ბრიფინგზე. 

მისივე თქმით, ქართული ოცნება არ განიხილავს ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს, რასაც ოპოზიცია ითხოვს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად. 

ოპოზიცია მიუთითებს, რომ ისინი ხმების გადათვლის საკითხს არ განიხილავენ, ვინაიდან ამან აზრი დაკარგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 13 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის და NGO-ების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია აცხადებს, რომ დიალოგის ისედაც რთული პროცესი ცესკოს ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გართულდა. 

ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს არ აღიარებს, გაყალბებულად მიიჩნევს და ითხოვს საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. 

close დახურვა