logo
ENG



თარგამაძის OP-ED: განდის ან ლოკის გზა, ქვეყანაში მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტები

15 ნოე 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, მთელი პოლიტიკური პროცესი: ხელისუფლებიან, პარტიების ლიდერებიანად გაზაფხულის მსგავსად ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მივიდნენ. უდაოდ სამწუხაროა, რომ იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებსაც შემდგარ სახელმწიფოებში პოლიტიკური ძალები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, მოსახლეობის ნების შესაბამისად წყვეტენ, ჩვენთან დასავლელი პარტნიორების თავსატეხი ხდება.

თუმცა, ფაქტია, რომ ხელისუფლებას, რომელსაც არც მოსახლეობის უმრავლესობის, არც სამოქალაქო საზოგადოების და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ესმის, სმენა მხოლოდ სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან "შემოლაწუნების" შედეგად უბრუნდება. და დღესაც სწორედ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში "უსმენენ" ქართული ოცნების ლიდერები ოპოზიციის წარმომადგენლებს და პირიქით. მიზანი კომპრომისის მიღწევა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაა. თუმცა ამოცანა უკიდურესად რთულია იმიტომაც, რომ კომპრომისი ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის რადიკალურად განსხვავებულ რამეს, და თითოეული მათგანისთვის შესაძლოა პოლიტიკურ მარცხსაც ნიშნავდეს: ოპოზიციისთვის ეს ოცნების მხრიდან ხელისუფლების დათმობაა, ხელისუფლებისთვის კი ოპოზიციის მხრიდან სტატუს კვოს აღიარება. სხვა შემთხვევაში, ოცნება რჩება პარლამენტში მარტო, საბჭოთა სინამდვილის მსგავსად, ოპოზიცია კი ქუჩაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩიხია ორივე მხარისთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის, ან ხელისუფლება თანხმდება ხელახალ თუ რიგგარეშე არჩევნებზე რეფორმირებული ცესკოს პირობებში, რაც დიდი ალბათობით უკვე ოცნებისთვის გახდება ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასი. და მაინც, რაზე შეიძლება შეთანხმდეს ხელისუფლება და ოპოზიცია და რა შეიძლება იყოს ვითარებიდან გამოსავალი? 

ყველაზე ლოგიკური, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მისაღები და ქვეყნისთვის ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ხმების სრული გადათვლა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მკაცრი კონტროლის ქვეშ და შედეგების მიხედვით არჩევნების შედეგების კორექტირება. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ოცნება რამდენიმე პროცენტს დაკარგავდა, ოპოზიცია კი შედეგს მცირედით გაიუმჯობესებდა, რაც მმართველ პარტიას მთავრობის დაკომპლექტებას სერიოზულად გაურთულებდა და მეორე ტურების ინტრიგასაც გაზრდიდა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, რომ დარღვევებს მასიური ხასიათი ჰქონდა და შედეგების კორექტირება ვერ ხერხდებოდა, ეს უკვე გახდებოდა საერთო შედეგების გაბათილებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის სამართლებრივი მიზეზი. თუმცა, ოცნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ახლა უკვე თავად ოპოზიცია ეწინააღმდეგება კატეგორიულად ხმების გადათვლას, იმ მიზეზით, რომ მათი თქმით, ხელისუფლებამ უკვე წაშალა გაყალბების კვალი. გარდა ამისა, შეუძლებელია ისეთი დარღვევების გათვალისწინება, როგორიცაა ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება თუ ე.წ. კარუსელები. ამიტომ გადათვლას აზრი აღარ აქვს. თუ არჩევნების მასიური გაყალბების სამართლებრივი მეთოდებით დამტკიცება ვერ ხერხდება, ეს ნიშნავს, რომ ვერც შედეგები გაბათილდება და ვერც ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

ამიტომ, ვითარებიდან კომპრომისული გამოსავლის მხოლოდ ორი ვარიანტიღა რჩება. პირველი: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანმხება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი პარლამენტში შესვლა იქნება, ხოლო ხელისუფლების მხრიდან 2021 წლის განმავლობაში რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა რეფორმირებული ცესკოს პირობებში. მეორე ვარიანტი კი შესაძლოა იყოს ე.წ. ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, სადაც მინისტრთა კაბინეტის ძირითადი პორტფელები ოცნებას ერგება, როგორც გამარჯვებულ პარტიას, თუმცა დარჩენილ ნაწილს უკვე ოპოზიცია დააკომპლექტებს. ამ შემთხვევაში ოცნების მხრიდან კომპრომისი იქნება ძალაუფლების განაწილება, ხოლო ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობა ახალ არჩევნებამდე. თუ კომპრომისი ვერ შედგა, რისი მაღალი ალბათობაც არსებობს და ოცნება ერთპარტიულ პარლამენტში, ოპოზიცია კი ქუჩაში დარჩა, აქაც ორი გზა რჩება: ოპოზიციას და საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებას შეუძლია აირჩიოს მშვიდობიანი პროტესტის ე.წ. განდის გზა, რომელიც მასიური, ყოვლისმომცველი და დროში გაწელილი დემონსტრაციებისა და დაუმორჩილებლობის საშუალებით შეეცდება ოცნების ხელისუფლების ჩამოშლას. ანდა ჯონ ლოკის "რევოლუციური გზა", რომელიც იმას გულისხმობს, რომ როდესაც ხელისუფლება უსამართლობას აკანონებს და მონსტრად იქცევა, საზოგადოებას რჩება უფლება აჯანყდეს და ყველა შესაძლო საშუალებით ებრძოლოს ტირანიას.

ამასობაში კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად 2 დღეში თბილისში იქნება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის მეორე პირი, რომელსაც კავკასიაში სტრატეგიული ინტერესები აქვს, სადაც რეგიონის ბოლო მოვლენებმა და აზერბაიჯანში რუსი სამხედროების ყოფნის დაკანონებამ ამერიკის გავლენა საგრძნობლად შეამცირა. ამ ყველაფერზე ვაშინგტონის ლოგიკური პასუხი კი მისი სამხედრო თუ სხვა ტიპის წარმომადგენლობის გაზრდა უნდა იყოს კავკასიაში, რაც საქართველოს გვერდის ავლით ვერ მოხდება. ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად ყველა პრობლემისა, კვლავ რჩება შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირედ რეგიონში. თუმცა, თუ საქართველო თურქმენიზაციისკენ წავა, ნახევრად ლეგიტიმური ხელისუფლება ეყოლება, ოპოზიციის ლიდერები ზამთარ-ზაფხულ ქუჩაში იდგებიან, ქვეყანაში ქაოსი იქნება და მუდმივად დენთის სუნი იტრიალებს, ის სტრატეგიული მოკავშირის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს და ვერც ვაშინგტონი დაეყრდნობა თბილისს გადამწყვეტ მომენტში. ამიტომაც სახელმწიფო მდივნის მოულოდნელი ვიზიტი, გზავნილი უნდა იყოს როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციისთვის, რომ კომპრომისის მიუღწევლობა უკვე არამარტო საქართველოს, არამედ ამერიკის ინტერესებსაც სერიოზულად ვნებს და შემთხვევითი სულაც არ არის, რომ პომპეოს ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე პოლიტიკური ლიდერები სწორედაც რომ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში აღმოჩნდნენ უკვე მეორედ, ერთმანეთის პირისპირ. თუმცა, ოცნების მთავრობა რომ რამეში ვარგოდეს, მომენტუმს ხელიდან არ გაუშვებდა და საელჩოს ამ უძვირფასეს რესურსს შალვას და აჩიკოს გაშველებაზე კი არ დახარჯავდა - ნატოში გაწევრიანების დაჩქარებასა თუ ამერიკული ბაზის შემოყვანის ლობირებისთვის გამოიყენებდა.

და ბოლოს, უაღრესად საყურადღებოა ნიკოლ პაშინიანის ბოლოდროინდელი განცხადება, რომელშიც ის ირანთან და რუსეთთან ალტერნატიულ სარკინიგზო მარშრუტებზე საუბრობს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს კრემლის მხრიდან ერთგვარი კომპენსაციაა ერევნისთვის, მოსკოვის გულგრილობის შედეგად ყარაბაღში განცდილი მარცხის სანაცვლოდ და საკითხი ე.წ. აფხაზეთის რკინიგზასაც ეხება. ამ თემაზე საჯაროდ საუბარი აქტიურად მაშინ დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა საკითხის სკანდალურობისა და საზოგადოების უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულების შედეგად თემა მალევე დაიხურა. სარკინიგზო მარშრუტის აღდგენაზე საუბარი წინა ხელისუფლების პირობებშიც მიმდინარეობდა გარკვეული დასავლური გარანტიებით და იყო კიდეც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაც, თუმცა საკითხს მუდმივად ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 12 ნოემბერს, სოჭში შემდგარ შეხვედრაზე პუტინსა და ბჟანიას შორის ეს საკითხი შეთანხმდა, რის სანაცვლოდაც აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რუსეთისგან დიდი ხნის ნანატრი ეკონომიკური პრეფერენციებზე დაპირება მიიღო. ჩვენი წყაროს ცნობით, საკითხზე კომუნიკაცია შედგა ივანიშვილთანაც. ამ გარიგების დადასტურების შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ მოსკოვი მართლაც თავის ჭკუაზე ალაგებს ვითარებას რეგიონში, საქართველოს ჩათვლით და ესეც შეიძლება იყოს პომპეოს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის მთავარი საგანიც. ჩვენ უბრალოდ ისღა დაგვრჩენია ხელისუფლებას პირდაპირ ვკითხოთ: არსებობს თუ არა შეთანხმება რუსეთთან აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნაზე და რას იგებს ან რა პოლიტიკურ ფასს იხდის ამაში საქართველო?! 


close დახურვა