ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო, ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, გირჩი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართულ ოცნებასთან დებატი ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით უნდა მოეწყოს.
პარტიების განცხადებით, დებატები შესაძლებელია მოეწყოს შემდეგ კვირას, ისეთი ფორმატით, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ.
"[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმმა დიდი ხანია უარი თქვა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმართვასა და მასში მონაწილეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყნებში დებატები წინასაარჩევნო პროცესის აუცილებელი ნაწილია, საპარლამენტო არჩევნებამდე ოცნების წარმომადგენლებს არცერთ პოლიტიკურ, თუ საგნობრივ დისკუსიაში, მედიის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ახლა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის, რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძემ დებატების გამართვა მოინდომა. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ხელისუფლების მხრიდან მანიპულირების მასშტაბზე და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მეთოდზე დებატები და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება, როგორი პოლიტიკურად გაკოტრებულია ივანიშვილის რეჟიმი, სასურველ აუცილებელ გზად მიგვაჩნია, მაგრამ იმ დროს როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყველა დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელემედიის ბოიკოტირებას ახდენენ, არ მივიჩნევთ, რომ ეს აუცილებლად ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის ეთერში უნდა მოხდეს", - წერია პარტიების განცხადებაში.