
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორის დავით გადელიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 37% მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში გადის, რაც ნორმაზე მაღალია და სისტემა ამას ვერ უძლებს.
ამ საკითხზე გადელიამ პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ინიფიცრებულთა რაოდენობა უნდა განაწილდეს ადეკვატურად, ანუ მათი გარკვეული რაოდენობა ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროში მკურნალობაზე უნდა გადავიდეს.
"ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა ჰოსპიტალურ სექტორში მყოფ პაციენტებსა და ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მყოფ ადამიანებს შორის. საერთოდ, მიღებულია, რომ 15-20 % იყოს, ჩვენთან 37%-მდე მკურნალობს ჰოსპიტალურ სექტორში, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა. ძალიან გვინდა ეს რაოდენობა ისე გადანაწილდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კიდევ უკეთესი - კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ჩვენ გვაქვს და ეს მართლა საქართველოში არის ასე, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება იმკურნალონ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც არის ელემენტარული თერაპიული მეთვალყურეობის საშუალება," - თქვა დავით გადელიამ.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 89 395-ს. აქედან, გამოჯანმრთელდა 71 468 ადამიანი, ხოლო 815 გარდაიცვალა.