logo
ENG



შსს: სირცხვილის კორიდორები სამართალდარღვევაა, პოლიცია ნებისმიერ შემთხვევას აღკვეთს

20 ნოე 202011:30
3 წუთის საკითხავი
 

შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურებში, რომელიც ხვალ, 21 ნოემბერს გაიმართება, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ ამომრჩევლებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობა არაკონსტიტუციურია და პოლიცია მსგავს შემთხვევებში გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას დანაშაულის აღსაკვეთად. 

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე", - აცხადებს საბანაძე. 

გუშინ ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ სირცხვილის კორიდორების მოწყობა არა ამომრჩევლებისთვის, არამედ "არჩევნების გამყალბებლებისთვის", საარჩევნო უბნებთან იგეგმება. 

"ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ არ მივიდნენ მეორე ტურში, რადგან არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ამას გავაპროტესტებთ ყველა უბანთან. პროტესტზე პარტიებთან შევჯერდებით და ხვალ მოგიყვებით. ის ვნებათაღელვა, რომელიც გამოიწვია სირცხვილის კორიდორებმა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, კი გაკეთდება სირცხვილის კორიდორები, მაგრამ გავუკეთებთ იმათ, ვინც არჩევნები გააყალბა", - განაცხადა ვარშალომიძემ. 

ბათუმის საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მირდატ ქამადაძემ კი ფორმულასთან განაცხადა, რომ სირცხვილის კორიდორები გაიმართება მხოლოდ იმ უბნებზე, სადაც მაღალი თანამდებობის პირები აძლევენ ხმას.

"ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ სირცხვილის კორიდორი იქნება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის და არა ამომრჩევლებითვის. შეიძლება, გეგმა შეიცვალოს, მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს გადაწყვეტილებაა მიღებული", - განაცხადა ქამადაძემ.​

სირცხვილის კორიდორების მოწყობას არ აპირებს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაცია. 

საბანაძე კი მოუწოდებს პოლიტიკურ ჯგუფებს და აფრთხილებს მათ, რომ მსგავსი ქმედებების შემთხვევებში პოლიცია დანაშაულის აღკვეთას კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეეცდება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში", - ამბობს საბანაძე. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურები ხვალ 21 ნოემბერს, 16 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა, მათმა ნაწილმა საოლქო კომისიებიდან წევრები გამოიწვია. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კი ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს. აქამდე გამართული ორი შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მტკიცედ აცხადებენ, რომ მათი პრინციპული მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვამდე, დღეს, 20 ნოემბერს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ფასილიტატორებს ინდივიდუალურად, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვდებიან. 

 

 

 


close დახურვა