ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე მხარდამჭერებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა, რადგან, მისი მტკიცებით, ოპოზიციური პარტიები, მონაწილეობაზე საჯარო უარის მიუხედავად, ფარულად ამომრჩევლების მობილიზებაზე მუშაობენ.
"კორპუს-კორპუს დადიან ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები და ისინი მოუწოდებენ ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ“, - ამბობს კობახიძე.
იგივე განაცხადა გუშინ თბილისის მერმა კახი კალაძემ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციური პარტიები ფარულად ამომრჩევლების მობილიზებას ცდილობდნენ.
"მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლების მობილიზებისათვის.
აქედან გამომდინარე, გვსურს მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში", - განაცხადა კალაძემ.
ქართული ოცნების ლიდერების განცხადებების საპირისპიროდ, მეორე ტურებში ამომრჩეველთა აქტივობა უკიდურესად დაბალია. 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 177 462-მა ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა 8.29%-ს შეადგენს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 12:00 საათისთვის აქტივობა 19.41% იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებში კი - 12,71%.
ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებს ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე საჯაროდ აცხადებენ უარს.
კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს.