logo
ENG



სამადაშვილი: თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, სიას გავანულებთ

23 ნოე 202023:47
3 წუთის საკითხავი
clock 2047
სამადაშვილი: თუ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, სიას გავანულებთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა, რომ თუ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები უშედეგო დასრულდება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" სიას გაანულებს.

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ღამის კურიერის ეთერში განაცხადა, რომ 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ადასტურებს 76 დეპუტატი, ხოლო ამის შემდეგ თითოეულ მათგანს შეუძლია, განცხადება დაწეროს პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია, მათ დაატოვებინებს თუ არა პარლამენტს.

სამადაშვილის თქმით, სიის განულება ნიშნავს იმას, რომ აღარ იარსებებს არანაირი შემდეგი დეპუტატი.

"თუ მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ, არავინ არ აპირებს და არც განიხილავს ამ პარლამენტში შესვლას. ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები, რომლითაც ჩვენ არამხოლოდ ყველა ის დეპუტატი ვიტყვით უარს, ვინც პარლამენტში ვართ გასულები, არამედ სიის განულება ნიშნავს იმას, რომ სია აღარ იარსებებს, აღარ იარსებებს არანაირი შემდეგი დეპუტატი სიაში. არის შესაძლებელი, რომ სია მთლიანად გაუქმდეს, ფაქტობრივად. რაც ნიშნავს, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" ჰყავს 35 დეპუტატი, გამოვა პარლამენტიდან არა მხოლოდ 35 დეპუტატი, არამედ მთლიანად სიაც განულდება და ვერავინ ვერ შევა პარლამენტში", - განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, მათ არც 21 ნოემბერს მაჟორიტარულ ოლქებში გამართულ მეორე ტურებში მიიღეს მონაწილეობა.

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. 

ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. 

 


close დახურვა