logo
ENG



კალაძე: მეტრო არ გაჩერდება, პრობლემის შემთხვევაში, მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ

25 ნოე 202019:28
3 წუთის საკითხავი
 
კალაძე: მეტრო არ გაჩერდება, პრობლემის შემთხვევაში, მემანქანეებს ბელარუსიდან ჩამოვიყვანთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მემანქანეების ინფიცირების მიუხედავად, მეტროპოლიტენის მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდება. მისი თქმით, მინსკთან აქვთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საჭიროებისამებრ, ბელარუსიდან ჩამოიყვანენ მემანქანეებს. 

"დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და უსაფრთხოების ზომების მიღების ხარჯზე, ზუსტად იმ ტესტირებების ხარჯზე, რაც მეტროპოლიტენში ხორციელდება. სამწუხაროდ, ამ ტესტირებებით გამოვლინდა დაახლოებით 25-მდე თანამშრომლის ინფიცირების ფაქტი, თუმცა მეტროს ამ ეტაპზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. ასე გაგრძელდება მომავალშიც. 

ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, პრობლემების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას", - თქვა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ იქნება დამატებით მითითებები ეპიდემიოლოგების მხრიდან, ტრანსპორტის შეჩერებაზე, მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მეტროს 250 მემანქანიდან ინფიცირებულია 20-მდე ადამიანი. როგორც კომპანიაში ფორმულას განუცხადეს, მეტროს მუშაობას შეფერხება არ ემუქრება. 

"სულ 250 მემანქანეა. აქედან 20-მდე მემანქანეა ინფიცირებული და ისინი მკურნალობენ. მეტროს მუშაობას შეფერხება არ ემუქრება. გარდა ამისა, არის რეზერვიც და საჭიროების შემთხვევაში, ისინი იმუშავებენ. მეტრო სრული დატვირთვით მოემსახურება მგზავრებს", - აღნიშნეს კომპანიაში.

სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი არ  დათანხმდებიან ერთობა 2013-ის შემოთავაზებას, რადგან ეს გამოიწვევს მგზავრთა ინფიცირების რისკების ზრდას.


close დახურვა