logo
ENG



საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს

25 ნოე 202022:42
3 წუთის საკითხავი
clock 1032
2020/11/25/ggh7hcv4wc4o9do.png

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ის Facebook-ის გვერდზე წერს, გამოკითხის თარიღი მისთვის უცნობია, ხოლო, რაც შეეხება თემას, მისი თქმით, კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ უდანაშაულო სინდისის პატიმრები.

გენერალურ პროკურატურაში ფორმულას განუცხადეს, რომ ნინო კალანდაძეს დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

"ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი გამოკითხვაზე ჩემს დასაბარებლად. ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას სწორედ ეს გზა ვარჩიე.

რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანაში ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა რა შეიძლება იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერჯერობით დუმს; როცა ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს მოღალატის დამსახურებული იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი აღარაფერია", - წერს ნინო კალანდაძე.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობით მოიპოვა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".

დაკავებული კარტოგრაფების დაცვის მხარე ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის უფლებას ითხოვს, თუმცა, სასამართლომ ადვოკატებს ამის ნებართვა არ მისცა. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, მთელი სახელმწიფო აპარატი პროცესების წარმართვაში დაცვის მხარეს ხელს უშლის.

პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება აზერბაინჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა.

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".



close დახურვა