logo
ENG



ყველა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდება

26 ნოე 202014:26
3 წუთის საკითხავი
clock 14958

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება.  

 

გადაადგილება და ტრანსპორტი

გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი, ისევე როგორც, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. 

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა კვლავ აღდგება. 

3 იანვრიდან 15 იანვრამდე კვლავ შეიზღუდება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, ხოლო 16-დან 31 იანვრამდე ტრანსპორტი მუშაობა შაბათ-კვირის გარდა კვლავ აღდგება. 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით გადაადგილება. 

 

სავაჭრო ობიექტები

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში) და სათხილამურო კურორტები (ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში) სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

 რაც შეეხება, საკვებ ობიექტებს ისინი მხოლოდ გატანის (takeaway) და მიტანის (delivery) რეჟიმში იმუშავებენ, ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.

ასევე იზღუდება სპორტული, კულტურული და სახელოვნებო სტუდიებისა და წრეების საქმიანობა.

დაკეტილი ობიექტები დროებით გაიხსნება 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე. ამ პერიოდში მუშაობას შეძლებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები. 

3 იანვრიდან 16 იანვრამდე შეზღუდული დაწესებულებები კვლავ დაიკეტება. 16 იავნრიდან 31 იანვრამდე კი სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა შაბათ-კვირის გარდა კვლავ აღდგება. 

 

საჯარო სექტორი

საჯარო სამსახურები 3 იანვრიდან 15 იანვრამდე შვებულებაში გავლენ. 

 

სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები

28 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე. 

კერძო და საჯარო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

 

ახალი წელი 

ახალ წლებზე, გადაადგილების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) გაუქმდება 31 დეკემბრის და 6 იანვრის ღამეს. 

 

ზამთრის კურორტები

საკარანტინო შეზღუდვები ზამთრის კურორტებსაც შეეხება. ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. სასტუმროები კი მხოლოდ საკარანტინო სივრცეებად იმუშავებენ. 

 

სფეროები, რომლებსაც შეზღუდვები არ შეეხება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე ეკონომიკურ საქმიანობას არ შეეხება:

  • სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
  • საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
  • სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
  • დელივერსა და გატანის სერვისებს;
  • სილამაზის სალონებისა და  ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
  • ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
  •  აგრარული ბაზრობის მუშაობას.

close დახურვა