აგვისტოში შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული ხატია დევსურაშვილი Facebook-ზე მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ დაშავებულების ოჯახებს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მინიჭებიათ.
დევსურაშვილი Traveler.ge-ის უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომპანიას ავტოკატასტროფის შემდეგ არც ერთი მგზავრი არ მოუკითხავს.
"როგორც იცით 23 აგვისტოს შატილში მოხდა ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, პირადად ჩემთვის კი ამ დღეს ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა ისევე, როგორც დატრიალდა ის მანქანა რომელშიც მე და ჩემი და- დეა ხევსურიშვილი ვისხედით. ამ დღეს მედეა გამოემშვიდობა სიცოცხლეს. ჯგუფში მოვიძიე Traveler.ge-ის შესახებ გამოთქმული აზრები და იმდენი უარყოფითი მოსაზრება და პრეტენზია წავიკითხე ამ კომპანიის მიმართ, რომ ახლა უკვე აღარ მიკვირს რაც ჩვენ დაგვემართა, დასანანია რომ სანამ მათ გავყვებოდი ტურზე მანამდე არ ვნახე ეს ინფორმაცია, ხომ გადავრჩებოდით და დღეს ჩემი და ცოცხალი იქნებოდა. მინდა მოგმართოთ თხოვნით დაგვეხმაროთ სამართალის ძიებაში! უპასუხისმგებლოდ და ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაგეგმილმა ტურმა შეიწირა 17 ადამიანის სიცოცხლე და გაანადგურა ასეულობით მათი ახლობელი. ტურიდან სამი თვის თავზე ჩვენ დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს მონიჭებული, ავიყვანეთ ადვოკატი რამდენიმე გარდაცვლილის და დაშავებულთა ოჯახებმა და იმედი გვაქვს რომ დავამტკიცებთ რომ მომხდარი მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია, და თუ ეს დამტკიცდა კომპანიას ბრალეულობას წაუყენებენ. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ზემოთხსენებულ კომპანიას არ მოუკითხავს არცერთი მისი მგზავრი ამხელა ტრაგედიის შემდეგ არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი, დიდ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა უკიდურესი არაადამიანობა, მომხდარი ფაქტის უგულებელყოფით, მუშაობას და ცხოვრებას აგრძელებენ ჩვეული რიტმით თითქოს არაფერი მომხდარიყოს, აგრძელებენ მუშაობას ტრაგედიის მეორე დღიდანვე!!!", - ნათქვამია მიმართვაში.
დევსურაშვილი Traveler.ge-ის მომსახურებით უკმაყოფილო ადამიანებს კომპანიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს. ავტოკატასტროფისას დაზარალებულის თქმით, კომპანიამ მგზავრებზე ზრუნვა უნდა დაიწყოს და ადამიანები შინ მშვიდობით მიიყვანოს.
23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.