logo
ENG



ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, მიიღოს რუსები ლუგარის ლაბორატორიაში

27 ნოე 202023:03
3 წუთის საკითხავი
 

ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გუშინ, 27 ნოემბერს, დისტანციურ რეჟიმში მოხდა. 

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია როგორც ქართულმა, ისე რუსულმა მხარემ გაავრცელა. 

ქართული მხარე კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს რუსი "ექსპერტები ლუგარის ლაბორატორიის გასაცნობად" მაშინ, როცა ეპიდსიტუაცია ამის შესაძლებლობას მისცემს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში კიდევ ერთხელ უთითებს, რომ შეშფოთებულია ლუგარის ლაბორატორიის "სამხედრო ბიოლოგიური საქმიანობით" და ითხოვს, ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს რუსი სპეციალისტების ვიზიტი ამ დაწესებულებაში. 

საქართველოს მთავრობა თავის განცხადებაში რუსეთის ბრალდებებზე არაფერს ამბობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ რუსეთის ამ მოთხოვნას დათანხმდა. 

"რუსეთის მხარის დაინტერესების გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მზად იქნება, მიიღოს უცხოელ ექსპერტთა მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი, მათ შორის რუსი ექსპერტები, ლაბორატორიის მუშაობის გასაცნობად". - აღნიშნავს საქართველოს მთავრობა და დასძენს, რომ ამ კონტექსტში პროპაგანდისტული აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია. 

რუსეთმა არაერთხელ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია, რომელიც რეალურად საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც კორონავირუსთან, ისე სხვა ვირუსებთან და დაავადებებთან ბრძოლაში, სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება აშშ-ის მიერ. 

რუსეთმა 2020 წლის გაზაფხულზე რამდენჯერმე მოითხოვა ლუგარის ლაბორატორიის "შემოწმება". ამ დრომდე მას ქართული მხარე უარს ეუბნებოდა. 

საქართველოს მთავრობის მიერ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი 20 ივნისის საკითხზე, რასაც ხაზს უსვამს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც რუსული საგარეო უწყება იტყობინება, შეხვედრაზე "დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად". 

რუსეთმა იმედი გამოთქვა, რომ "რუსოფობიული რიტორიკა, რომელიც რადიკალურმა წრეებმა აქტიურად გამოიყენეს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, წარსულში დარჩება და რომ პოლიტიკური ძალები, რომლებმაც გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, გამოიყენებენ ამომრჩეველთა ნდობის მანდატს, რომელიც მიიღეს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გასაგრძელებლად". საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეს არის ნახსენები. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს, რომ რუსეთი კვლავ რჩება საქათველოს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად, ქართული პროდუქტების, პირველ რიგში, ღვინის მსხვილ იმპორტზე.

უწყების განცხადებით, გრეგორი კარასინმა და ზურაბ აბაშიძემ განიხილეს რუსეთის და საქართველოს შორის ორმხრივად სატვირთო საავტომობილო გადაზიდვაზე ნებართვების გაზრდის შესაძლებლობები. 

განიხილეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები. რუსული მხარე მიუთითებს, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტის მიზეზი საქართველში ანტირუსული მანიფესტაციები იყო, მისი შეწყვეტის შემდეგ კი, როგორც რუსეთი აღნიშნავს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე აღარ არსებობს -საქართველოს მიმართულებით ფრენები რუსეთმა 2019 წლის ივნისის - გავრილოვის ღამის და ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ აკრძალა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე წერს, რომ შეხვედრაზე "რეგიონული საკითხების განხილვის კონტექსტში აღინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მიღების მნიშვნელობა, რამაც შესაძლებელი გახადა საომარი მოქმედებების შეჩერება და მთიანი ყარაბახის კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციის პირობები. ამ სამმხრივი ხელშეკრულებების განხორციელება, კერძოდ, სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვისა და ეკონომიკური კავშირების შესახებ ახალ შესაძლებლობებს უქმნის ამიერკავკასიის ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს". 


close დახურვა