logo
ENG



თბილისის საახალწლო განათებებსა და მორთულობაში მერია 854 800 ლარს ხარჯავს

30 ნოე 202014:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/30/tr22kg924d4hbnr.png

მილიონიანი ნაძვის ხის 195 800 ლარად განახლების შემდეგ, საახალწლო გირლიანდებსა და მანათობელ სტრინგებში თბილისის მერია დამატებით 659 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. საერთო ჯამში, ნაძვის ხესა და მოსართავებში 854 800 ლარის დახარჯვა იგეგმება. 

ახალი მოსართავების პირდაპირი წესით შესყიდვის აუცილებლობას კომპანია თბილსერვის ჯგუფი იმით ხსნის, რომ "შესაძლოა ზიანი მიადგეს საზოგადოებრივ ინტერესებს, რაც იმოქმედებს საახალწლო განწყობაზე". შესაბამისი მიმართვა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა. 

"მოცემულმა ვითარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს საზოგადოებრივ ინტერესებს, ვინაიდან ქ. თბილისში არ იქნება საახალწლო ღონისძიებების შესაბამისად მორთული, რაც იმოქმედოს საზოგადოების საახალწლო განწყობაზე, მითუმეტეს ბავშვებისათვის აუცილებელია საახალწლო ღონისძიებების გაფორმება, რომ შევუქმნათ 2021 წლის ახალი წლის ღონისძიებისათვის შესაბამისი გარემო"- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც 4 ნოემბრით თარიღდება.

თბილსერვის ჯგუფი, ასევე განმარტავს, რომ სექტემბერში გამოცხადებული ტენდერი შეწყდა, ხოლო იმისათვის, რომ განათებების სამონტაჟო სამუშაოები დეკემბრის პირველივე ნახევარშივე დაასრულონ, აუცილებელია პირდაპირი წესით შესყიდვა. 

თბილისის მერია ასევე გეგმავს, 2020 წლისთვის მილიონ ლარად ნაყიდ მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს ტოტები დაუმატოს და გადაუკეთოს. გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებაში წერია, რომ შესასყიდი საქონლისა და თანმდევი მომსახურების ღირებულება 195 800 ლარია. იგი 2020 წლის 28 ოქტომბრით თარიღდება, ხოლო მომწოდებელია შპს ღამის შოუ სტუდია. 

ამასთან, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 28 ნოემბრიდან გამკაცრდა. მათ შორის, აკრძალულია გადაადგილება 21 საათიდან დილის 5 საათამდე, დახურულია ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიისა და აფთიაქებისა. 

 


close დახურვა