logo
ENG



ლეგენდა წავიდა, ახლა მასზე ლეგენდების შეთხზვის დროა - მარადონა, როგორც სოციალური მოვლენა
30 ნოე 202015:04
2347

...ს არც არაფრის დასასრულია და არც არაფრის დასაწყისი. სიკვდილი ერთერთი რიგითი დღეა მარადონას ცხოვრებაში, როცა მასზე საუბრით გული ვიჯერეთ. ასე კიდევ ბევრჯერ მოხდება. ფეხბურთის ღმერთმა თავი ამჯერად წასვლით შეგვახსენა. სანამ იქნება ფეხბურთი, იქნება მარადონაც.

დიდ ადამიანებს ბიოგრაფიის თანმიმდევრული აღწერა არ უხდებათ. ჩვენც, სადღაც შუიდან დავიწყოთ. წესების დარღვევა - მარადონას ცხოვრების უსწორმასწორო გზებზე მთავარი ხიბლი იყო. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსაჯს ამ ეპიზოდში ხელით თამაში შეენიშნა ან ინგლისელი ფეხბურთელების სამართლიანი მოთხოვნის ერწმუნა, დავკარგავდით ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ამბავს.

1986 წელი. მექსიკა. არგენტინა-ინგლისი. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი. უფრო სწორედ, ნაადრევი ფინალი. საფეხბურთო კი არა, პოლიტიკური მოვლენა - ამ ორი ქვეყნის კონფლიქტიდან გამომდინარე. თუ ჰკითხავთ ადამიანებს, რა ანგარიშით დასრულდა ეს მატჩი, ბევრმა შეიძლება, დაუფიქრებლად გიპასუხოთ, რომ 2-0. პასუხი სწორია და თან არასწორიც. სტატისტიკის მოყვარულთათვის, ამ თამაშში სამი გოლი გავიდა, მაგრამ ვიღას ახსოვს გარი ლინეკერის გატანილი ბურთი 81-ე წუთზე. თამაში სინამდვილეში მართლაც 2-0 დამთავრდა. დაიწყო 51-ზე და მორჩა 54-ე წუთზე. რა ხდებოდა მანამდე ან მერე, აზრი არა აქვს. ეს იყო ყველაზე ხანმოკლე თამაში. ხანმოკლე, მაგრამ დაუვიწყარი.

51-ე წუთი - ცოტათი მარადონას თავი და ცოტათი ღმერთის ხელი. და წამი, როცა მარადონა თავადაც დაფიქრდა, რა უნდა გაეკეთებინა. სწრაფად მოეგო გონს, მიხვდა წამის სიდიადეს და დაიწყო ზეიმი, ვითომც არაფერი მომხდარა.

3 წუთში კი იყო ღმერთის ფეხი. მეოცე საუკუნის საუკეთესო ინდივიდუალური გოლი. მხოლოდ ერთი კაცის, ყოველგვარი სხვა ღმერთისა და ადამიანების ჩარევის გარეშე.

 

ასეთი გოლები მერეც გასულა. უკეთესებიც.

აი, მაგალითად, გენიოსი ლეო მესი.

უფრო მეტი მოწინააღმდეგეც მოატყუა, უფრო ლამაზადაც, მაგრამ აზრადაც არავის მოუვა, მათ შორის, ალბათ არც თავად მესის, იკამათოს - რომელია მთავარი გოლი.

არის კიდევ ერთი ადგილი პლანეტაზე, სადაც მარადონას სიკვდილი ყველაზე მეტად განიცადეს, სადაც მას აღმერთებენ.

ნეაპოლი. 80-იანი წლები. რა მისცა მარადონამ აქაურობას ისეთი, რომ სამუდამოდ დარჩა ქალაქის ისტორიაში? ორჯერ იტალიის ჩემპიონობა, უეფას თასი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი - მაგრამ ეს ყველაფერი მაინც სტატისტიკაა. დიდებული, წარმოუდგენელი სტატისტიკა ნაპოლისთვის, მაგრამ მთავარი სხვა რამეა - დიეგო მარადონამ სამხრეთულ ნეაპოლს გაამარჯვებინა მდიდარ და ქედმაღლურ ჩრდილოურ ტურინსა და მილანზე. ეს არ იყო უბრალოდ ჩემპიონის ტიტულები, ეს ნეაპოლში სიამაყის დაბრუნებასა და ახალი სიცოცხლის მინიჭებას უდრიდა. მარადონამ ქალაქისთვის დაუვიწყარი ეპოქა შექმნა.

ნეაპოლამდე და შემდეგაც ბევრი რამ იყო - იყო ბოკა ხუნიორსი, იყო ბარსელონა, იყო 1990 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატები, იყო მწვრთვნელის წარუმატებელი კარიერა. ყველა ეს პერიოდი საინტერესოა ფეხბურთისთვის, სპეციალისტებისთვის, სპორტული ჟურნალისტებისთვის, მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უფრო მეტზე, ვიდრე მხოლოდ ფეხბურთია მოედანზე.

დიეგო მარადონა - სკანდალები, ნარკოტიკები, საყვარლები, მეგობრობა დიქტატორებთან, შემთხვევითი შეხვედრები და ფოტოები სრულიად გაუგებარ ხალხთან…

საინტერესოა ცხოვრებაა, მაგრამ რაღაც-რაღაცები არ მოგეწონათ? რა თქმა უნდა, არ მოგეწონათ. მარადონას, ალბათ, წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყო კოკოითი. ეს მას ამართლებს? რა თქმა უნდა, არა, რადგან ძალიან კარგად იცოდა, ვინც იყო პუტინი. ზოგადად, დიდი ადამიანების - მწერლების, მხატვრების, მეცნიერების ბიოგრაფიები სავსეა ისეთი ფაქტებით, რამაც შეიძლება, ხანდახან მათი ნაწარმოებების წაკითხვისა და ნახვის სურვილიც კი დაგვიკარგოს. ვერაფერს ვიზამთ. ამის გამო გენიოსებზე გაბრაზებას აზრი არა აქვს. ან გავაკრიტიკოთ, თუ არ დაგვეზარება, ან ამოვიგდოთ თავიდან მათი ბიოგრაფიის უხერხული ეპიზოდები, ან უბრალოდ ვკონცენტრირდეთ მხოლოდ მათ გენიალურ ქმნილებებზე.

დიეგო მარადონას ერთი გამორჩეული მეგობარი ჰყავდა - ფიდელ კასტრო, რომელმაც ნარკოტიკებითა და სკანდალების გაწამებული ყოფილი ფეხბურთელი, კუბაზე შეიფარა. დიქტატორები გენიოსებთან მეგობრობას ესწრაფიან, ეს იმ დროს მარადონასაც სჭირდებოდა. ასე რომ, ადვილად გაუგეს ერთმანეთს. დიეგომ თქვა, რომ კასტროს ჰგავს, რადგან ორივე მეამბოხეა. საინტერესო ისაა, რომ დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა. 4 წლის წინ ამ დღეს მოკვდა ფიდელიც. 

მარადონა სოციალური მოვლენა გახდა. არგენტინის უღარიბესი ფენებისთვის ის ნამდვილ ხატებად იქცა. როგორც ჩანს, მათ ერთი ღმერთი არ ჰყოფნით, ამიტომ საჭიროა მარადონა, რომელიც მათ ჰგავს, რომელიც სიღარიბიდან ამოვიდა, რომელიც ბოლომდე ღარიბ მილიონერად დარჩა, რომელმაც მილიონობით ბავშვი მთელ მსოფლიოში დაარწმუნა, რომ ბურთით მწვერვალებს დაპყრობა შეიძლება.

მარადონას გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელებში ეს ფოტო გავრცელდა. პელე ყვავილებვით ხელში მარადონას საფლავზე. ბევრმა დაიჯერა. სინამდვილეში კი ეს ფოტო ყალბია. ასეთი ფაქტი არ მომხდარა, მაგრამ ადამიანებს მოეწონათ და სურთ, რომ მართლა ასე მომხდარიყო. დაე, ასე იყოს.

 ლეგენდა წავიდა, ახლა მასზე ახალი ლეგენდების შეთხზვის დროა.

                      

 ავტორი: ვახო სანაია

close დახურვა