კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მშობლები დაგვიანებულ მკურნალობაზე, უყურადღებობასა და სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ.
გარდაცვლილის მამა რატი თორდია ფორმულასთან ინტერვიუში ყვება, როგორ ამისამართებდა ერთი უწყება მეორესთან და პირიქით. იგი იხსენებს, რომ ინფიცირებული გოგო კოვიდსასტუმროდან საუნივერსიტეტო კლინიკაში ანალიზებისთვის მიიყვანეს. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ის ისევ უკან, სასტუმროში დააბრუნეს:
"კოვიდის ინფიცირების მეხუთე, კვირა დღე იყო, როცა დაეწყო გართულება, ხველა. გამოვიძახეთ სასწრაფო. ორშაბათს დილით გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში. იმ დღესაც ცუდად იყო. ჟანგბადი ასუნთქეს. მეორე დღეს კიდევ დამძიმდა, გაუშვეს კლინიკაში და ისევ გამოუშვეს.
[კლინიკიდან] რომ ბრუნდებოდა, დამირეკა, მეუბნებოდა მცივაო, ხელები სულ გალურჯებული მაქვსო, როგორ ჩავალ აქედან, არ ვიციო. აშკარად ჩანდა, რომ დასატოვებელი იყო. თან [სასტუმროს] ექიმიც იმეორებდა, კლინიკისთვისაა ეს ადამიანიო.
ვრეკავდით ჯანდაცვაში. ჯანდაცვა გვეუბნებოდა, ჩვენ არ გვეხება, დარეკეთ სასწრაფოშიო. სასწრაფოში გვეუბნებოდნენ, დარეკეთ ჯანდაცვაშიო. ასე გაიწელა.
3-4 საათის შემდეგ გამოძახებული სასწრაფოც მოვიდა. კოვიდსასტუმროს ექიმმა უთხრა, მძიმე მდგომარეობაშია და გადასაყვანიაო. იქნებ დარეკოთ და სადმე გამოჩნდეს ადგილიო. გადარეკეს, მაგრამ არანაირი ადგილი არ არისო. რა ვქნათო, ავიდეთ ზევით, ჩავუტაროთ ჩვენი მანიპულაციები, რაც საჭიროა, ვასუნთქოთ და წავიდეთ ისევო.
ჩვენ ვუთხარით, არ შეიძლება ასე, სადამდე შეიძლება... ცოტა ხანში ჩამოვიდნენ და გვითხრეს, რომ კარგი ამბავი ჰქონდათ. ამ სასტუმროში გამოჩნდა ადამიანი, რომლის კლინიკაშიც არის ადგილიო.
უკვე მძიმედ იყო. მე ვწერდი, ვამშვიდებდი... ბოლოს შეწყდა ეს. ვიფიქრე, ალბათ, დაეძინა. ამის შემდეგ ეძინა, სანამ არ გარდაიცალა. გვითხრეს, რომ ფილტვების 24-დან 20% ჰქონდა დაზიანებული. დაუგდეს შაქარი, დაუგდეს სიცხე. თითქოს, იმედისმომცემი იყო, მაგრამ ცოტა ხანში ისევ აუწია შაქარმა", - ყვება გარდაცვლილის მამა.
თეკლა თორდიას დედა ირმა ხელაშვილი ამბობს, რომ პირველივე დღიდან ცდილობდნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და 112-სთვის აეხსნათ მდგომარეობის სიმძიმე, თუმცა, პასუხი ვერ მიიღეს.
"დავრეკეთ სასწრაფო დახმარების 112-ში, შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, ჯანდაცვაში.. და ასე ერთმანეთში ამისამართებდნენ. რა თქმა უნდა, [ვუხსნიდით სიმძიმეს] პირველივე დღიდან. სახლში ყოფნის დროსაც ვრეკავდი. სასწრაფომ რომ მითხრა, არ არის ადგილებიო, მაშინ ტესტირებაზე რომ გადაგვიყვანეს, იმ დღიდან ვრეკავდი ჯანდაცვაშიც. შემდეგ სასტუმროში რომ გადაიყვანეს და კიდევ ასე დამძიმდა, ისევ ასე დავიწყეთ.
გვეუბებოდნენ, ადგილები არაა, ჩვენ ვერ დაგეხმარებით. სასწრაფოს ექიმმა თქვა, თუ ვინმე გყავთ, იქნებ ჩაგიწყოთ საქმე და წაგიყვანოთო. საბოლოოდ, შემთხვევით, მართლა ღვთისნიერი ადამიანი შეესწრო სიტუაციას, რომ ბავშვი ასეთ მდგომარეობაში იყო, აღმოჩნდა გერმანული ჰოსპიტლის თანამშრომელი, მაშინვე გადაურეკა თავის კლინიკას.
რა თქმა უნდა [დაგვიანებული რეაგირების შედეგია]. 112-დან მიკავშირდებოდა ოჯახის ექიმი და მეუბნებოდა, აუცილებლად "კატე" გადაუღეთ, საჭიროაო, როცა ტემპერატურა და ხველა დაეწყო. ოჯახის ექიმს რომ დავურეკე, მითხრა, მე ახლა დასვენების დღეები მაქვს და ვერაფერს ვიზამო. შემდეგ საერთოდ მოიხსნა პასუხისმგებლობა, რადგან კოვიდსასტუმროში გადახვედით, ისინი არიან ვალდებულებიო.
სასტუმროშიც სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, ჰაერი არ ყოფნიდა, ტემპერატურასთან ერთად, ეს ჰაერის უკმარისობაც... შაქარიც ცოტა უმართავი გახდა.
ერთხელ გადაიყვანეს სასტუმროდან საუნივერსიტეტო კლინიკაში, მარშუტკაში ჩაგვყარეს და წაგვიყვანესო, ბავშვი როგორც მიყვებოდა. შემდეგ გარეთ ელოდებოდა თავის რიგს, მგონი და ისევ უკან დააბრუნეს კოვიდსასტუმროში. კოვიდ სასტუმროს ექიმმა ისიც კი მითხრა, მეგონა, რაღაც სინდისიც შეაწუხებდათ და ასეთ მდგომარეობაში ბავშვს უკან აღარ დააბრუნებდნენო", - ყვება გარდაცვლილის დედა.
კორონავირუსით 19 წლის გოგო 29 ნოემბერს გარდაიცვალა. კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს თანმდევი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა.
"პაციენტი შემოყვანილი იქნა მძიმე მდგომარეობაში. ემერჯენსის განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული. უმოკლეს ვადაში აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა გაიდლაინით განსაზღვრული პირველადი დახმარება. სიპაპ ვარჯიშების გაკეთების მიუხედავად, არ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი და გადაყვანილი იქნა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მძიმე მდგომარეობა განაპირობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ. 29 რიცხვში დაფიქსირდა სიკვდილი", - განაცხადა კლინიკის ექიმმა.
კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა გარდაცვლილი კოვიდ სასტუმროში, ექიმებმა არ უპასუხეს.