დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 1: 200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობას პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ედავება და რის გამოც ისინი წინააღმდეგ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დაკავებულები არიან, არაზუსტია და აცდენილია რეალობას.
ექსპერტიზის დასკვნით, ის ცდომილება, რასაც პროკურატურის და თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწონებული რუკა აჩვენებს, მკვეთრად აღემატება დასაშვებ ზღვარს.
მათ შორის:
- სარკინიგზო ხიდი გურჯაანში მდინარე ახტალისწყალზე: ცდომილება 875 მეტრი;
- სარკინიგზო ხიდი მდინარე იორზე სოფელ სართიჭალასთან: ცდოლომება 517 მეტრი;
- სარკინიგზო ხიდი გარდაბნის მე-17 გამანაწილებელ არხთან - ცდომილება - 310 მეტრი;
"{1:200 000-იანი] რუკები შესრულებულია ისეთ პროექციაში, რომ დამახინჯებები ამ საქმეში [საზღვრის დადგენის] მათი გამოყენების საშუალებას არ იძლევა. რუკები გაკეთებულია ისეთ კარტოგრაფიულ პროექციაში, რომელშიც დარღვეულია მათემატიკური საფუძვლები, დარღვეულია მანძილები უცვლელ ობიექტებს შორის. ანუ, გადამოწმდა საკონტროლო წერტილები და ეს საკონტროლო წერტილები არ ემთხვევა უფრო გვიანდელ რუკებს“, - თქვა ექსპერტმა ირაკლი უგულავამ.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართეს, გეოსაინფორმაციო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
დაცვის მხარემ გუშინ, 30 ნოემბერს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა სასამართლო პროცესზეც წარმოადგინა, სადაც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა, სასამართლომ დასკვნა არ გაითვალისწინა და კარტოგრაფების პატიმრობა ძალაში დატოვა.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობით მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ ედავება უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას. უწყება მათ ედავება აზერბაინჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება, უარი ეთქვათ ირაკლი ღარიბაშვილის და სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ წერილზე პასუხს არ სცემს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ უწყება მიზანმიმართულად მალავს მელაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელ დოკუმენტებს.
დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების, გელა ბეჟუაშვილის და ნინო კალანდაძის გამოკითვაზე დაბარება, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოკითხვაზე კი უარის თქმა სწორედ მმართველი გუნდის ინტერესზე მიუთითებს, საქმე ყოფილ მაღალჩნოსნებს მიზანმიმართულად დაუკაშირონ.